Loading data...
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რატომ ფიქრობთ, რომ თუ პუტინი ახალ შეთანხმებას დადებს, თავის სიტყვას შეასრულებს?

რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის დასრულების საკითხი უკრაინისა და ევროპის მონაწილეობის გარეშე ვერ გადაწყდება, - მის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დასრულების შემდეგ, აშშ-ის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა უკრაინისთვის შემცირდა და სწორედ ევროპა უზრუნველყოფს ახლა უკრაინისთვის იარაღისა და ფინანსური დახმარების უმეტეს ნაწილს.

„ჩვენ ვაფასებთ პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას, თუმცა ევროპაში ჩვენც მივიღებთ საკუთარ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა სიკორსკიმ.

მან დასძინა, რომ „უკრაინაში ომის დასრულების საკითხის გადაწყვეტა თავად უკრაინისა და ევროპის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია“.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ ევროპაში პუტინს ომის დამნაშავედ მიიჩნევენ, ამიტომ ამ ტერიტორიაზე მისი მონაწილეობით მოლაპარაკებები ვერ შედგებოდა.

„ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა, მაგრამ ეს სამართლიანი მშვიდობა უნდა იყოს. სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად კი რუსეთისგან დათმობები უნდა მივიღოთ. რუსეთმა თავისი სამხედრო მიზნები უნდა შეზღუდოს“, - აღნიშნა მან.

სიკორსკიმ, ასევე, უპასუხა კითხვას, შეუძლია თუ არა აშშ-ს მოითხოვოს უკრაინისგან ტერიტორიული დათმობები მშვიდობის დამყარების მიზნით, თუმცა თავად უკრაინელები უარყოფენ ამ იდეას.

„დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ხვდება, რომ უკრაინას არავის დახმარება არ სჭირდება რუსეთის წინაშე კაპიტულაციისთვის. უკრაინას დახმარება სჭირდება სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად და საზღვრების ქონისთვის, რომელთა დაცვაც მას შეეძლება“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ მიზანშეწონილად არ მიიჩნევს საჯაროდ იმის განხილვას, თუ რა მსხვერპლის გაღება შეუძლია უკრაინას მშვიდობის მისაღწევად და რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილებები კიევმა უნდა მიიღოს.

„როგორც უცხოელებმა, ჩვენ არ უნდა ვუთხრათ აგრესიის მსხვერპლს, როგორ დაამშვიდოს აგრესორი - რადგან სწორედ უკრაინა იცხოვრებს ამის შედეგებთან“, - აღნიშნა სიკორსკიმ.

ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მარტივი ცეცხლის შეწყვეტა პრობლემას ვერ გადაჭრის.

„სინამდვილეში, მე ვეთანხმები რუსებსაც კი, რომ ამ ომის გლობალური მიზეზები უნდა გადაიჭრას. და ჩემი აზრით, ეს რუსული იმპერიალიზმია, ვლადიმერ პუტინმა საკუთარ თავს მისცა უფლება, გადაწყვიტოს, ვის შეუძლია და ვის არ შეუძლია იყოს ერი და რა საზღვრებში“, - აღნიშნა პოლონელმა დიპლომატმა. 

სიკორსკიმ, ასევე, გაიხსენა, რომ პუტინმა უკვე მოაწერა ხელი უკრაინასთან შეთანხმებას, რომელიც უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს გარანტირებულს ხდიდა და ორივე ქვეყანამ 2004 წელს რატიფიცირება მოახდინა.

„რატომ ფიქრობთ, რომ თუ ის ახალ შეთანხმებას დადებს, თავის სიტყვას შეასრულებს?“ - იკითხა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.