პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ხელი მოაწერა დეკლარციას, სადაც პირობას დებს, რომ არ მოაწერს ხელს ნატოში უკრაინის გაწევრიანების დოკუმენტს

პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა კაროლ ნავროცკიმ, არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერის სანაცვლოდ, ოფიციალურად მიიღო „კონფედერაციის“ ლიდერის, სლავომირ მენცენის მოთხოვნები, რომელთა შორისაა უკრაინის ნატოში გაწევრიანების ხელის შეშლის დაპირება.
სლავომირ მენცენთან ერთად 8 პუნქტისგან შემდგარი დეკლარაციის ხელმოწერა პირდაპირ ეთერში მოხდა.
სლავომირ მენცენმა განაცხადა, რომ მისი მხარდაჭერისთვის ორივე პოლიტიკოსმა ხელი უნდა მოაწეროს დეკლარაციას, რომელიც რვა პუნქტისგან შედგება.
1. მე არ მოვაწერ ხელს არცერთ კანონს, რომელიც ზრდის არსებულ გადასახადებს
2. მე არ მოვაწერ ხელს არცერთ კანონს, რომელიც ზღუდავს ღია ფულით ოპერაციებს და დავიცავ პოლონურ ზლოტს
3. მე არ მოვაწერ ხელს არცერთ კანონს, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც თავსებადია პოლონეთის კონსტიტუციასთან
4. მე არ გავცემ პოლონელი ჯარისკაცების უკრაინის ტერიტორიაზე გაგზავნის ნებართვას
5. მე არ მოვაწერ ხელს კანონს უკრაინის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაციის შესახებ
6. მე არ მოვაწერ ხელს არცერთ კანონს, რომელიც ზღუდავს პოლონელების ხელმისაწვდომობას იარაღზე
7. მე არ ვთანხმდები პოლონეთის ხელისუფლების რაიმე უფლებამოსილების ევროკავშირის ორგანოებისთვის გადაცემას
8. მე არ მოვაწერ ხელს ევროკავშირის არცერთი ახალი ხელშეკრულების რატიფიკაციას, რომელიც ასუსტებს პოლონეთის როლს, მაგალითად, ასუსტებს მის ხმის მიცემის უფლებას ან ვეტოს უფლებას
მე-4 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც პოლონელი ჯარისკაცების უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის საკითხს შეეხება, კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში გაგზავნის პოლონელ ბიზნესმენებს, როდესაც უკრაინა აღდგება.
მისივე თქმით, არ მოაწერს ხელს უკრაინის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაციის კანონს. მისი თქმით, ამის შესახებ დისკუსიას აზრი არ აქვს.
პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვარშავის მერმა, რაფალ ტშასკოვსკიმ ხმების 31,36% მოიპოვა, ხოლო კაროლ ნავროცკიმ, რომელსაც მხარს უჭერს მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“ - 29,54%. არჩევნების მეორე ტური პირველ ივნისს ჩატარდება.