Loading data...
პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ტრიბუნალი ძალისმიერი გზით ხელში ჩაიგდეს

პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო განვითარებული მოვლენები არის საკონსტიტუციო ორგანოს ძალისმიერი გზით ხელში ჩაგდება. პრეზიდენტი ტრიბუნალის შენობიდან ძალოვანი უწყებების გაყვანას მოითხოვს და საპარლამენტო პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს. ინფორმაციას „რბკ უკრაინა“ ავრცელებს.

„გასულ ღამეს პოლონეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და სახელმწიფოს საკონსტიტუციო ორგანოს ძალისმიერი გზით ხელში ჩაგდება მოხდა“,- განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ზბიგნევ კაპინსკი უკანონობას უწოდებს ადამიანთა მოქმედებას, რომლებიც საკონსტიტუციო ტრიბუნალში ძალაუფლების უზურპაციას ახორციელებენ.

ნავროცკი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, რომ ტრიბუნალის ტერიტორიიდან ძალოვანი უწყებების გაყვანა მოხდეს და მართლწესრიგი იყოს აღდგენილი. მისი თქმით, მან შენობაში ბართლომე სოხანსკის შესვლას შეუწყო ხელი, რომელსაც საკონსტიტუციო ტრიბუნალის კნონეირ ხელმძღვანელად მიიჩნევს.

თავის მხრივ, საკონსტიტუციო ტრიბუნალის ხელმძღვანელმა, ბოგდან სვენჩკოვსკიმ, რომელიც შენობაში არ შეუშვეს, განაცხადა, რომ ადგილი აქვს სახელმწიფო გადატრიალებას.

იუსტიციის მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა ვალდემარ ჟურეკმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა და მისმა მომხრეებმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვეს და იქ მოსამართლეები შევიდნენ. ჟურეკმა პრეზიდენტის საქციელს სკანდალური უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ პროკურატურას ამაზე რეაგირება ექნება. შს მინისტრმა მარცინ კერვინსკიმ პოლიცია შეაქო, რომელმაც დაძაბულობის ესკალაცია არ დაუშვა.

კონფლიქტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ დღეს პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალში ფაქტობრივად მოსამართლეთა ორი ბანაკია. მათი უმეტესი ნაწილი მაშინ დანიშნეს, როდესაც პოლონეთის სათავეში პარტია „სამართალი და სამართლიანობა“ იყო. დონალდ ტუსკის მთავრობას, რომელიც ქვეყნის სათავეში 2023 წელს მოვიდა, მიაჩნია, რომ „სამართალმა და სამართლიანობამ“ ტრიბუნალი პოლიტიკურად მოტივირებულ ორგანოდ აქცია, ხოლო მოსამართლეთა ნაწილი დარღვევებით არის დანიშნული. ამიტომ მთავრობა ტრიბუნალის გადაწყვეტილებებს არ აღიარებს და მის შემადგენლობას ეტაპობრივად ცვლის.

პოლონეთის სეიმმა ახალი მოსამართლეები უკვე აირჩია. მაგრამ პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ, რომელსაც „სამართალი და სამართლიანობა“ უჭერს მხარს, 6-დან 3 მოსამართლის უფლებამოსილება არ დაამტკიცა, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელმა, ბოგდან სვენჩკოვსკიმ ისინი სასამართლოს შენობაში არ შეუშვა. ამის შემდეგ ახალმა მოსამართლეებმა სვენჩკოვსკი და მისი მოადგილე თანამდებობიდან გადააყენეს, ხოლო სასამართლოს შენობაში პოლიცია შევიდა. პრეზიდენტი და ოპოზიცია ამას სახელმწიფო გადატრიალებას, როლო მთავრობა - სამართლიანობის აღდგენას უწოდებენ.