Loading data...
პოლონეთის პრემიერის თქმით, ევროკავშირის ლიდერებმა ნატოს მომავალი გენმდივანი სამიტზე გააკრიტიკეს

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე, რომელიც ნატოს მომავალი გენერალური მდივანი იქნება, ევროკავშირის ლიდერებმა სამიტზე გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ის ევროკავშირის თავდაცვის პროექტების ერთობლივ დაფინანსებას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, წერს Reuters-ი.

„ყველამ, თითქმის ყველამ, ხმამაღლა შეახსენა მარკ რუტეს, რომ ის მალე ნატოს გენერალური მდივნის როლს შეასრულებს და რომ მან ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ევროპამ ფული და რესურსები (თავდაცვაზე) არ დაზოგოს.

ის არის ძლიერი პიროვნება, გამოცდილი პოლიტიკოსი, მაგრამ მე დავინახე მის სახეზე სიწითლე მას შემდეგ, რაც ყველამ მიუთითა: „თქვენ უნდა შეძლოთ ყველას მობილიზება, რომ თავდაცვისთვის მეტი დახარჯონ და არა ნაკლები“, - განუცხადა დონალდ ტუსკმა ჟურნალისტებს.

რუტემ აღნიშნა, რომ თავდაცვის დაფინანსების შესახებ დისკუსიები „მკაცრი“ იყო.

„ზოგიერთი ქვეყანა ეწინააღმდეგებოდა ამ იდეას, რომელიც ოფიციალურად არ იყო მაგიდაზე, ევროობლიგაციების გამოყენების შესახებ თავდაცვის ხარჯებისთვის“, - თქვა მან და დაამატა - „გერმანელები, ჩვენ, მე ამის წინააღმდეგი ვიყავით, მაგრამ ჩვენ ერთობლივ დასკვნამდე მივედით“.

ნიდერლანდები დიდი ხანია, მხარს უჭერს ევროკავშირის ფისკალურ დისციპლინას და ერთობლივი ვალების გაცემას ეწინააღმდეგება.

ამასთან, პოლონეთი წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) დაახლოებით 4%-ს ხარჯავს თავდაცვაზე, რაც ყველაზე მაღალი პროცენტია ნატოში.

ცნობისთვის, პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა 26 ივნისს ევროკავშირს მოუწოდეს, ააშენოს თავდაცვის ხაზი ბლოკის საზღვრის გასწვრივ რუსეთთან და ბელარუსთან, რათა ევროკავშირი მოსკოვის სამხედრო საფრთხეებისა და სხვა მავნე მოქმედებებისგან დაიცვან.