„პოლონეთის ისტორიულ გრძნობებს ლახავს“ - ტუსკი ზელენსკის გადაწყვეტილებაზე უკრაინულ ქვედანაყოფს „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ სახელი მიენიჭოს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ქვედანაყოფს „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ სახელი მიანიჭოს პოლონელების ისტორიულ გრძნობებს ლახავს.
ტუსკის თქმით, ეს ნაბიჯი ყოველგვარი საჭიროების გარეშე წამოსწევს ისტორიული უთანხმოების საკითხს საკმაოდ შემაშფოთებელ დონეზე.
„პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ლახავს ჩვენს ისტორიულ გრძნობებს და, ჩემი აზრით, ყოველგვარი საჭიროების გარეშე ამ ისტორიული უთანხმოებებისა და განსხვავებული ინტერპრეტაციების საკითხს საკმაოდ შემაშფოთებელ დონეზე წევს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ და ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა უნდა გაიაზრონ, თუ რას ნიშნავს ყოველი პოლონელი ქალისა და ყოველი პოლონელი კაცისთვის მეამბოხეთა არმიის ეს ბნელი მემკვიდრეობა“, - განაცხადა ტუსკმა.
როგორც პოლონური მედია წერს, „უკრაინის მეამბოხეების არმიამ“ 1943 წლის ივლისში კოორდინირებული თავდასხმა განახორციელა პოლონელებით დასახლებულ დაახლოებით 150 ქალაქზე, რომლებიც მდებარეობდნენ ყოფილი ვოლინის სავოევოდოს, კერძოდ კი, ვოლოდიმირის, ჰოროხოვის, კოველისა და ლუცკის ოლქებში, დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე.