Loading data...
პოლონეთის ენერგეტიკის მინისტრმა ევროკავშირს მოუწოდა, 2026 წლის ბოლომდე შეწყვიტოს რუსული ნავთობის იმპორტი

პოლონეთის ენერგეტიკის მინისტრმა მილოშ მოტიკამ ევროკავშირს მოუწოდა, 2026 წლის ბოლომდე შეწყვიტოს რუსული ნავთობის იმპორტი, „რათა შეწყდეს რუსეთის საომარი მანქანის დაფინანსება“. ამის შესახებ The Guardian-ის მიერ ნანახი წერილიდან გახდა ცნობილი. 

რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრიდან რამდენიმე დღეში ევროკავშირის სხვა ენერგეტიკის მინისტრებისთვის მიწერილ წერილში მოტიკა ამტკიცებს, რომ „მიმდინარე საერთაშორისო გარემოებები, ევროპული ეკონომიკის მდგრადობის გაძლიერების აუცილებლობასთან ერთად, ერთობლივ რეაგირებას მოითხოვს“.

მან აღნიშნა, რომ 2026 წლის ვადის შესრულების ვალდებულება „მკაფიო გრაფიკს დაადგენს და აჩვენებს ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, მივაღწიოთ დამოუკიდებლობას პოლიტიკური და სტრატეგიული რისკებით დატვირთული ნავთობის მარაგებისგან“.

პოლონეთმა ასევე მოუწოდა „კოორდინირებული... კომპენსაციის მექანიზმების“ შექმნისკენ, რათა უზრუნველყოფილი იყოს „სამართლიანი და მოწესრიგებული გარდამავალი პერიოდი“ ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნებისთვის, რაც ასევე მოიცავს ზომებს „შეფერხებების შემთხვევაში, ნავთობის ალტერნატიულ წყაროებზე წვდომის უზრუნველსაყოფად“.

„დრუჟბას“ მილსადენი ამჟამად რუსული ნავთობით ამარაგებს უნგრეთსა და სლოვაკეთს, რომლებიც რუსეთისგან ენერგიის შეძენას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც აგრძელებენ.