Loading data...
პოლონეთი იმედგაცრუებულია აშშ-ის გადაწყვეტილებით, შეწყვიტოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალისა და რაკეტების მიწოდება შეაჩერა.

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება პოლონეთისთვის „კარგი ინფორმაცია“ არ არის, რადგან უკრაინა თავს რუსეთისგან იცავს, ამიტომ მას მხარდაჭერა სჭირდება, რათა გადარჩეს.

მისი თქმით, ევროპული ქვეყნები ცდილობენ გააძლიერონ ძალისხმევა უკრაინის მხარდასაჭერად.

„ვწუხვარ, რომ ამერიკელები ამ გადაწყვეტილებას იღებენ. მინდა, რომ ყველაფერი პირიქით მოხდეს“, - აღნიშნა კოსინიაკ-კამიშმა.

მან დასძინა, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან არ არსებობს კეთილი ნება ზავის დადებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

„მით უფრო აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება, რაც პოლონეთისა და ევროპის ინტერესებში შედის“, - დასძინა პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა.