Loading data...
პოლონეთი ბელარუსთან საზღვარს ხსნის

პოლონეთი 25 სექტემბრიდან ბელარუსის საზღვრის გახსნას გეგმავს. ის ორი კვირის განმავლობაში რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნების, „ზაპად-2025“-ის გამო ჩაკეტილი იყო. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„ამ წვრთნების დასრულება შეამცირებს, მაგრამ საბოლოოდ ვერ მოხსნის, სხვადასხვა საფრთხეს. პოლონელი გადამზიდავების და რკინიგზის ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ დაძაბულობა გაძლიერდება, ვარშავა ყოყმანის გარეშე შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“.

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი მთლიანად ჩაკეტა 12 სექტემბერს. დონალდ ტუსკმა ეს გადაწყვეტილება „ძალზე აგრესიულ მანევრებს“, „ზაპად-2025“-ს დაუკავშირა, რომელიც ბელარუსში 12-16 სექტემბერს ტარდებოდა.

22 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე 130-მდე ჩინური სატვირთო მატარებელია გაჭედილი.