პოლიცია ოსლოს ცენტრში მომხდარ აფეთქებას იძიებს

ნორვეგიის დედაქალაქის, ოსლოს პოლიცია ქალაქის ცენტრში მომხდარ აფეთქებას იძიებს. წინასწარი ინფორმაციით. ოსლოს ცენტრში ხელყუმბარა აფეთქდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
პირველი აფეთქების შემდეგ პოლიციამ მეორე ხელყუმბარაც აღმოაჩინა. ადგილზე მისული გამნაღმველების მიერ ხელყუმბარის კონტროლირებადი აფეთქება მოხდა. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია სამი პირი. ერთ-ერთი 2012 წელს დაბადებული მოზარდია.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. აფეთქება უნივერსიტეტის კამპუსიდან 550 მ-ში მოხდა. ამ ადგილის სიახლოვეს ასევე სამეფო სასახლე და ისრაელის საელჩო მდებარეობს.
ოსლოს პოლიციის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო „სამხედრო ტიპის ხელყუმბარა“. პოლიციის ერთ-ერთი ვერსიით, საუბარია დანაშაულებრივ დაჯგუფებებს შორის გარჩევებზე, თუმცა სხვა ვარიანტებიც არ გამოირიცხება.
პოლიცია ოპერაციას განაგრძობს, რადგანაც არსებობს სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენის საფრთხე.