Loading data...
Politico: უკრაინაში ჯარედ კუშნერის სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან ჩამოშორებას მოითხოვენ

„აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი რუსეთის პრეზიდენტთან დაკავშირებული განცხადების გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა“, - აღნიშნულის შესახებ Politico წერს. 

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, კიევში პოლიტიკოსებს სურთ, რომ კუშნერმა სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიიღოს. 

„ეს უკიდურესად საშიშია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ შეერთებული შტატების უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესებისთვისაც. მე დიდი ხანია ვამბობ, რომ უიტკოფი და კუშნერი უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა უკრაინის უმაღლესი რადას წევრმა საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრ მერეჟკომ და დასძინა, რომ „ისინი {სტივ უიტკოფი და ჯარედკუშნერი} უკრაინას პუტინის თვალით უყურებენ“. 

ინფორმაციისთვის, ჯარედ კუშნერმა, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობს, ვლადიმერ პუტინს „ისტორიული პიროვნება“ და „პოლიტიკის გროსმაისტერი“ უწოდა. ამის შესახებ მან გერმანული მედია-კონცერნის Axel Springer-ის აღმასრულებელ დირექტორთან, მათიას დიოპფნერთან ინტერვიუში, პოდკასტში MD Meets განაცხადა. 

კუშნერის თქმით, პუტინი ამერიკელ მომლაპარაკებლებს დაჰპირდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებდა.