Loading data...
Politico: უკრაინა შიშობს, რომ აშშ პუტინთან მოლაპარაკებას მისი მონაწილეობის გარეშე დაიწყებს

უკრაინულმა და ამერიკულმა დელეგაციებმა ფლორიდაში რუსეთის ომის დასრულების შესახებ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა კიევი კვლავ შეშფოთებულია, რომ ვაშინგტონმა, შესაძლოა, მოსკოვთან უკრაინული მხარის გვერდის ავლით მოლაპარაკება აწარმოოს, - წერს Politico.

როგორც მედია წერს, აშშ-მა ტერიტორიულ საკითხებსა და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით უკრაინის პოზიციის საბოლოოდ განსაზღვრა სცადა, სანამ სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი მოსკოვში რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრებოდა. უკრაინის დელეგაცია, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის ხელმძღვანელობით, ცდილობდა დაედგინა, რეალურად გააცნობდა თუ არა შეერთებული შტატები კიევის პოზიციას მოსკოვს.

ამერიკულმა მხარემ წარმოადგინა დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ უიტკოფი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერი. რუბიომ ხაზი გაუსვა მოლაპარაკებებში მიღწეულ „მნიშვნელოვან პროგრესს“ და აღნიშნა რომ აშშ-ის მიზანია ომის დასრულება უკრაინის სუვერენიტეტისა და კეთილდღეობის შენარჩუნებით.

მედიის ცნობით, აშშ-ის წინა 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა კიევისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რის გამოც ჟენევაში ევროპელი და უკრაინელი მომლაპარაკებლების მონაწილეობით გამართული კონსულტაციების შემდეგ, მისი 19 პუნქტამდე შემცირება მოხდა. რუსეთმა მიიღო განახლებული გეგმა და განაცხადა, რომ მას „შეისწავლიდა“.

უმეროვმა შეხვედრის შემდეგ აშშ-ს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა შეშფოთება გამოთქვეს იმის შესახებ, რომ აშშ-მა, შესაძლოა, პუტინთან მიღწეული შეთანხმებები დაამტკიცოს კიევის საბოლოო თანხმობის გარეშე. რუბიომ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საბოლოო კონსულტაციები უიტკოფის მოსკოვში ვიზიტის დროს გაიმართება.