Loading data...
Politico: ტრამპის პოზიციის ცვლილების ფონზე, ევროპა უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაძლიერებას ჩქარობს

უკრაინის ევროპელი მოკავშირეები ჩქარობენ, გააძლიერონ კიევის პოზიცია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებების წინ.

როგორც Politico წერს, ევროპელი ლიდერები შიშობენ, რომ ტრამპმა და პუტინმა შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წარუმატებელ შეთანხმებას მიაღწიონ, რაც მთელ ევროპას დაასუსტებს.

ევროპელი ლიდერები ცდილობენ, შეთანხმდნენ უკრაინის სამმხრივი მხარდაჭერის პაკეტზე, რათა პოტენციურ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ძლიერი პოზიცია უზრუნველყონ. ეს პაკეტი მოიცავს უკრაინისთვის დაფინანსებისა და იარაღის მიწოდების გაზრდას, ასევე, ახალი ანტირუსული სანქციების შემოღებას.

გამოცემამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გარდა, ევროკავშირი ახლოსაა შეთანხმებასთან მისი მხარდაჭერის კიდევ ორ ძირითად პუნქტზე: სანქციების მე-19 პაკეტზე, რომელიც პუტინის „სამხედრო ბიუჯეტს“ დააზარალებს და გაყინული რუსული ფინანსური აქტივების კონფისკაციაზე, რათა უკრაინისთვის დაახლოებით 140 მილიარდი ევრო განბლოკონ.

„კიევის მოკავშირეებმა კვლავ გააცნობიერეს თავიანთი აქტუალობა მას შემდეგ, რაც ტრამპმა კიდევ ერთხელ შეცვალა თავისი პოზიცია და განაცხადა, რომ მზადაა, გაყინოს კონფლიქტი ფრონტის ამჟამინდელ ხაზებზე - ერთ თვეზე ნაკლები ხნის შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ უკრაინას შეეძლო მთელი თავისი ტერიტორიის დაბრუნება“, - წერს გამოცემა.

ტრამპის პოზიციის შეცვლამ გააღვიძა შიში, რომ მას შეუძლია, აიძულოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსეთს სასურველი მიწები გადასცეს. ევროპელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ასეთი შედეგი კატასტროფული იქნება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ თავად მათთვისაც.

დიპლომატები ვარაუდობენ, რომ ზელენსკი ხუთშაბათს, 23 ოქტომბერს, სამიტზე ევროკავშირის ლიდერებს პირადად, ან ვიდეოჩართვით მიმართავს, მათი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.

გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერი ლობირებს ზელენსკის მონაწილეობას ტრამპისა და პუტინის დაგეგმილ შეხვედრასა და ომის დასრულების მიზნით ნებისმიერ მოლაპარაკებებში.

როგორც გამოცემამ განმარტა, ევროპის ყველაზე დიდი შიში ის არის, რომ ტრამპი სამშვიდობო პროცესის განსაზღვრისას კვლავ პუტინის მხარეს დაიჭერს და რუსეთის პირობების მისაღებად ზელენსკიზე ზეწოლას განახორციელებს, რამაც შეიძლება ქვეყნის აღმოსავლეთით ტერიტორიების დათმობა გამოიწვიოს. ისინი შეშფოთებულნი არიან, რომ პუტინისა და ტრამპის ბოლოდროინდელმა საუბარმა შეამცირა ტრამპის მზადყოფნა, დაეხმაროს ზელენსკის.

ევროკავშირის დიპლომატებს შორის ფართოდ არის გავრცელებული სკეპტიციზმი, რომ პუტინი სერიოზულად არის განწყობილი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მიმართ. ბევრი მის წინადადებას ტრამპთან ახალი შეხვედრის შესახებ დროის მოგების კიდევ ერთ მცდელობად მიიჩნევს.