Loading data...
Politico: ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთისა და ჩინეთის მონაწილეობით ხუთი ქვეყნისგან შემდგარი ალიანსის შექმნას განიხილავს, როგორც „დიდი შვიდეულის“ ალტერნატივას

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთისა და რუსეთის მონაწილეობით განიხილავს ქვეყნების ახალი ალიანსის შექმნას, რომელიც „დიდი შვიდეულის“ ალტერნატივა უნდა გახდეს. ამის შესახებ Politico წერს. 

ოფიციალურმა პირმა, რომელიც თეთრ სახლში ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს მუშაობდა, განაცხადა, რომ Core 5-ის, ანუ C5-ის იდეა, რომელიც შეერთებულ შტატებს, ჩინეთს, ინდოეთს, იაპონიასა და რუსეთს აერთიანებს, აღარ აღიქმება დიდად შოკისმომგვრელად.

„ოფიციალურად არაფერი განხილულა C5-ის, ან C7-ის შესახებ, მაგრამ ნამდვილად იყო საუბრები იმის შესახებ, თუ როგორ არ იყვნენ არსებული ორგანოები, როგორიცაა G7, ან გაეროს უშიშროების საბჭო, ვარგისი თავიანთი ფუნქციების შესასრულებლად, დღევანდელი ახალი მოთამაშეების გათვალისწინებით“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით.

C5-ის იდეა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის უფრო ვრცელი, გამოუქვეყნებელი ვერსიიდან გაჩნდა, რომელიც თეთრმა სახლმა გასულ კვირას გაასაჯაროვა.

თეთრმა სახლმა კატეგორიულად უარყო დოკუმენტის არსებობა, ხოლო თეთრი სახლის პრესმდივანმა ანა კელიმ დასძინა, რომ 33-გვერდიანი ოფიციალური გეგმის ალტერნატიული, კონფიდენციალური, ან კლასიფიცირებული ვერსია არ არსებობს.

ტორი ტაუსიგმა, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში ევროპული საკითხების დირექტორის თანამდებობას იკავებდა, აღნიშნა, რომ ევროპა შესაძლო C5-ის ჯგუფში არ შედის.

მაიკლ სობოლიკი, რომელიც ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს ტეხასელი რესპუბლიკელი სენატორის, ტედ კრუზის თანაშემწე იყო, C5-ს ტრამპის პირველი ვადის განმავლობაში ჩინეთის მიმართ პოლიტიკის ალტერნატივად მიიჩნევდა.

G7, ანუ „დიდი შვიდეული“, არის მსოფლიოს შვიდი მაღალგანვითარებული ქვეყნის (აშშ, იაპონია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, კანადა) მთავრობების საერთაშორისო კლუბი. ამ ქვეყნების ლიდერები რეგულარულად იკრიბებიან საერთო ეკონომიკური საკითხების განსახილველად და ცდილობენ თავიანთი ეკონომიკური პოლიტიკის კოორდინაციას. ევროკავშირი ასევე მონაწილეობს შეხვედრებში, თუმცა ყოველწლიური შეხვედრების ჩატარებაზე ხმის მიცემის უფლების გარეშე.