Politico: ტრამპი და მასკი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ სატელეფონო საუბარს გამართავენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მილიარდერი ილონ მასკი 6 ივნისს ერთმანეთთან სატელეფონო საუბარს გამართავენ. ეს მათი ხმამაღალი საჯარო კამათის შემდეგ მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტრამპის თანაშემწეებმა აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდეს, ყურადღება ბიუჯეტის ხარჯების შესახებ კანონპროექტის პოპულარიზაციაზე გაამახვილოს და არა პირად კონფლიქტზე.
Politico აღნიშნავს, რომ თეთრმა სახლმა ტრამპსა და მასკს შორის სატელეფონო საუბარი დღეს დაგეგმა, რათა მათ შორის დაძაბულობა შემცირდეს.
ტრამპმა მასკთან კამათს გუშინ Politico-სთან ინტერვიუში უპასუხა და თქვა: „ოჰ, ყველაფერი კარგადაა“.
„ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, არასდროს ყოფილა ასე კარგად“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა მასკთან კონფლიქტის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას.
ცნობისთვის, ილონ მასკსა და დონალდ ტრამპს შორის კონფლიქტი საბიუჯეტო კანონპროექტის გამო გამწვავდა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი „დიდ, ლამაზ კანონს“ უწოდებს.
თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა მასკი, რომელიც მისი საპრეზიდენტო კამპანიის სპონსორი იყო.
საპასუხოდ, ილონ მასკმა X-ზე განაცხადა, რომ ტრამპმა არჩევნებში გამარჯვება მისი წყალობით მოიპოვა. გარდა ამისა, მასკმა საჯაროდ ახსენა ტრამპის კავშირი ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან, რომელსაც სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ.
მედიის ცნობით, მასკი ასევე აღშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მისი მოკავშირის, ჯარედ ისაკმენის NASA-ს ხელმძღვანელად დანიშვნის დაბლოკვით.