Politico: საფრანგეთი და ბელგია რუსული გაზის აკრძალვის შესახებ ევროკომისიის გეგმას მხარს არ უჭერენ

რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ორი უმსხვილესი მყიდველი, საფრანგეთი და ბელგია, უარს ამბობენ ევროკომისიის მიერ შეთავაზებული გეგმის მხარდაჭერაზე, რომელიც რუსეთიდან გაზის მიღებაზე უარის თქმას ეხება. ამის შესახებ Politico-ს პუბლიკაციაშია ნათქვამი.
გამოცემის ცნობით, ეს ქვეყნები გადაწყვეტილების მიღებამდე ამ ნაბიჯის ეკონომიკურ და სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით დამატებით გარანტიებს ითხოვენ.
კერძოდ, საფრანგეთი, რომელიც ყველაზე მეტ რუსულ თხევად ბუნებრივ აირს ყიდულობს, აცხადებს, რომ უპირატესობას ალტერნატიული მარაგების მოძიების სტრატეგიას ანიჭებს. მეორე ადგილზე მყოფ ბელგიას კი გადაწყვეტილების მიღებამდე ეკონომიკური გავლენის დეტალური ანგარიშის მიღება სურს.
„ჩვენ ვიცავთ ევროპულ დივერსიფიკაციის სტრატეგიას... რომელიც უკვე განიხილება“, - განუცხადა საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა მარკ ფერაჩიმ Politico-ს, რუსული მარაგების კატარული პროდუქტებით ჩანაცვლების თაობაზე საფრანგეთის გეგმაზე მითითებით.
ფრანგმა მინისტრმა ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ბრიუსელის წინადადების „სამართლებრივი უტყუარობა“, რადგან შიშობს, რომ კერძო ფირმები შესაძლოა, კონტრაქტების შეუსრულებლობის გამო, რუსული სასამართლო დავების წინაშე აღმოჩნდნენ. მაგალითად, ფრანგულ TotalEnergies-ს ამჟამად რუსულ Novatek-თან მიწოდების კონტრაქტი 2032 წლამდე აქვს გაფორმებული და ასევე ფლობს 20%-იან წილს Yamal-ის პროექტში, რომელიც ციმბირში თხევადი ბუნებრივი აირის ქარხანას მართავს.
როგორც Politico წერს, ბელგიას, რომელიც რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მიღებასა და შენახვას 2035 წლამდე აპირებს, ასევე სურს, რომ ევროკომისიამ მისი შეშფოთება განმუხტოს.
სანამ ევროკავშირი თავის წინადადებებს წარადგენს, „ჩვენ ვთხოვთ კომისიას, წარმოადგინოს ზომების ზემოქმედების სიღრმისეული შეფასება“, განაცხადა ბელგიის ენერგეტიკის მინისტრმა მატიე ბიემ.
მისი თქმით, ქვეყანა ტექნიკურ მოლაპარაკებებს გამართავს ბელგიის თხევადი ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურაზე ამ ნაბიჯის გავლენის შესახებ.
საფრანგეთისა და ბელგიის მხრიდან ყოყმანი ეწინააღმდეგება ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის სხვა მსხვილი იმპორტიორების - ესპანეთისა და ნიდერლანდების - პოზიციას. ორივე ქვეყანამ განაცხადა, რომ მზად არიან, სამომავლო გეგმას მხარი დაუჭირონ.
სასაქონლო პლატფორმა Kpler-ის მონაცემებით, გასულ წელს ოთხმა ქვეყანამ 16.77 მილიონი ტონა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი განახორციელა, რაც ევროკავშირის მთლიანი იმპორტის 97%-ს და მოსკოვის გლობალური ექსპორტის ნახევარზე მეტს შეადგენს. ჯამში, მათ რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის შეძენაზე 6 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯეს.
ოთხივე ქვეყნის მხარდაჭერა ევროკომისიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება, რადგან უნგრეთი და სლოვაკეთი, სავარაუდოდ, რუსული გაზის აკრძალვის ჩაშლას შეეცდებიან.
გარდა ამისა, ევროკავშირის მრავალი პოლიტიკოსი და ინდუსტრიის წარმომადგენელი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის დასრულების შემდეგ რუსული ენერგომომარაგების დაბრუნებას ითხოვს და ევროპაში ელექტროენერგიის მაღალ ფასებს უჩივის.
ევროკავშირის ქვეყნები ამჟამად კავშირის მასშტაბით ეკონომიკური და სამართლებრივი ანალიზის ჩატარებას განიხილავენ.
ევროკავშირის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომისია ამზადებს „დოკუმენტს, რომელიც ზომების გავლენას გააანალიზებს“.