Politico: ფიცომ ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ტრამპთან შეხვედრამ იგი შოკში ჩააგდო, ამერიკელი ლიდერის „ფსიქოლოგიური მდგომარეობის“ გამო
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ევროკავშირის ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრამ იგი შოკში ჩააგდო, ამერიკელი ლიდერის „ფსიქიკური მდგომარეობის“ გამო. ამის შესახებ Politico-ს ხუთმა ევროპელმა ინფორმირებულმა დიპლომატმა განუცხადა.
ორი დიპლომატის თქმით, ფიცო შეშფოთებული იყო ტრამპის „ფსიქოლოგიური მდგომარეობით“.
ორი დიპლომატის თქმით, ფიცომ სიტყვა „საშიში“ გამოიყენა იმ შთაბეჭდილების აღსაწერად, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა მასზე 17 იანვარს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს სასახლეში მათი პირისპირ შეხვედრის დროს დატოვა.
ფიცოსა და მის ევროპელ კოლეგებს შორის საუბარი 22 იანვარს ბრიუსელში შედგა, ევროკავშირის საგანგებო სამიტის ფარგლებში, რომელიც ტრამპის მიერ გრენლანდიის მიტაცების მუქარის შემდეგ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განსახილველად იყო ორგანიზებული.
დიპლომატების თქმით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ ოფიციალური მრგვალი მაგიდის მოლაპარაკებების ნაცვლად, რამდენიმე ლიდერსა და ევროკავშირის მთავარ ოფიციალურ პირს შორის გამართულ ცალკეულ არაფორმალურ შეხვედრაზე ისაუბრა.
მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას საკითხის შესახებ ინფორმირებული დიპლომატები არ ესწრებოდნენ, ცალკეულმა ლიდერებმა მათ ცალ-ცალკე მიაწოდეს ინფორმაცია საუბრის შინაარსის შესახებ მისი დასრულებიდან მალევე.
ამავდროულად, ყველა მათგანმა განაცხადა, რომ არ იციან დეტალები იმის შესახებ, თუ რა უთხრა ტრამპმა ფიცოს, რამაც სლოვაკეთის პრემიერის ასეთი რეაქცია გამოიწვია.
თავის მხრივ, თეთრი სახლის პრესმდივანმა ანა კელიმ განაცხადა, რომ „ეს აბსოლუტურად ყალბი ამბავია“.
„მარ-ა-ლაგოში შეხვედრა პოზიტიური და პროდუქტიული იყო“, - აღნიშნა მან.