Politico: კომპანია FGS Global-ის გამოკითხვის თანახმად, ევროპელთა უმეტესობა მომავალს პესიმისტურად უყურებს
ევროპელები იმედგაცრუებულები არიან მსოფლიოში არსებული მდგომარეობით, მათი ქვეყნებით, გარემოებებით და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შექმნილი საფრთხეებით, - ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს და სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია FGS Global-ის შედეგებს ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ევროპელთა უმეტესობა მომავალს პესიმისტურად უყურებს.
სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია GS Global-ის მიერ POLITICO-სთვის ექსკლუზიურად გაზიარებული გამოკითხვის თანახმად, რომელიც ნოემბერში ევროკავშირის 23 ქვეყანაში 11 000-ზე მეტ ადამიანს შორის ჩატარდა, გამოკითხულთა თითქმის ორმა მესამედმა (63%) განაცხადა, რომ „საუკეთესო წლები უკან დარჩა“, ხოლო 77% მიიჩნევს, რომ მათ ქვეყანაში ცხოვრება „მომავალი თაობისთვის უფრო რთული იქნება“.
როგორც „პოლიტიკო“ აღნიშნავს, პესიმისტური განწყობა განსაკუთრებით დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში დაფიქსირდა. ევროპელების უმრავლესობამ (76%) განაცხადა, რომ მათ ქვეყანაში დემოკრატია დაღმასვლას განიცდის. პესიმისტური განწყობა უფრო მაღალი იყო რუმინეთში – 91%, საბერძნეთში – 88% და ბულგარეთში – 86%.
გამოცემა წერს, რომ თითქმის ყველა გამოკითხულ ქვეყანაში, უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათი ქვეყანა არასწორ გზაზეა. გამონაკლისს წარმოადგენს პოლონეთი, ლიეტუვა და დანია. კითხვაზე, ეთანხმებიან თუ არა ისინი, რომ მათმა ქვეყნებმა „უფრო თავდაჯერებულად უნდა დაიცვან საკუთარი ეროვნული ინტერესები, მაშინაც კი, თუ ეს სხვა ქვეყნებთან უთანხმოებას შექმნის“, 71 %-მა დადებითად უპასუხა.
რესპონდენტებმა, ასევე, მხარი დაუჭირეს ევროპის უსაფრთხოებაში ინვესტიციების ზრდას, 57% კი მხარს უჭერდა „თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე ხარჯების გაზრდას“.
ამასთან, კითხვაზე იმსახურებს თუ არა დონალდ ტრამპი ნობელის პრემიას, გამოკითხულთა 77%-მა უარყოფითად უპასუხა.
ცნობისთვის, გამოკითხვა სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია FGS Global-ის მიერ 2025 წლის ნოემბერში ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის 23 ქვეყნიდან 11000-ზე მეტმა ადამიანმა. სულ მცირე 500 ადამიანი გამოიკითხა შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი და შვედეთი. შესაძლო ცდომილება 4,4%-ია.