Politico: ევროპელების უმეტესობას სურს, ევროკავშირს საკუთარი არმია ჰყავდეს
ევროპელების 71%-ს სურს, რომ ევროკავშირს საკუთარი არმია ჰყავდეს, რაც შეერთებული შტატების საიმედოობის შესახებ მზარდ შეშფოთებას და უკრაინაში რუსეთის ომის გამო ღრმა უთანხმოებას ასახავს, - წერს Politico.
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირის საკუთარი არმიის შექმნის იდეის მხარდაჭერა მაღალი იყო გამოკითხულ ყველა წევრ სახელმწიფოში: რუმინეთში ეს მაჩვენებელი 82%-ს აღწევდა, შემდეგ მოდიან ლიეტუვა (78%) და საფრანგეთი (75%).
იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ტრადიციულად ფრთხილობენ ევროპული თავდაცვის ინტეგრაციის მიმართ, გამოკითხულთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ამ იდეას: პოლონეთსა და ბულგარეთში გამოკითხულთა დაახლოებით 70%-მა მხარი დაუჭირა ევროკავშირის არმიის შექმნას, ხოლო გერმანიაში - 69%-მა.
როგორც მედია წერს, დასკვნები იმ დროს გავრცელდა, როდესაც ევროპის მთავრობები მსჯელობენ, თუ როგორ გააძლიერონ თავიანთი სამხედრო შესაძლებლობები რუსეთის მიმდინარე აგრესიისა და ევროპის უსაფრთხოებისადმი შეერთებული შტატების ერთგულების შესახებ მზარდი გაურკვევლობის ფონზე.
GLOBSEC ცენტრმა გამოკითხვა ჩაატარა ტრანსატლანტიკური რეგიონის 14 ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის 11 წევრ სახელმწიფოში, უკრაინაში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში.
მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის ერთიანი არმიის შექმნის ენთუზიაზმი, ნატოს მიმართ უკმაყოფილების გამოხატულებას არ ნიშნავს. ალიანსის წევრ სახელმწიფოებში გამოკითხულთა დაახლოებით 77%-მა განაცხადა, რომ ისინი ბლოკში დარჩენას მისცემდნენ ხმას. ამავდროულად, ევროკავშირის ქვეყნებში გამოკითხულთა 78%-მა მხარი დაუჭირა ბლოკის საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას ნატოს პარალელურად.
ანგარიშის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურის არმქონე ქვეყნებში გამოკითხულთა 64%-მა მხარი დაუჭირა მის აღდგენას. ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა ჩეხეთის რესპუბლიკაში, საფრანგეთში, გერმანიასა და სლოვაკეთში.