Loading data...
POLITICO: ევროკომისიის შტაბ-ბინაში კონდიცირების სისტემა ძლიერი სიცხის გამო დაბალ სართულებზე გათიშეს, თუმცა ზედა სართულებზე, სადაც ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროკომისრების ოფისებია, გაგრილების სისტემა კვლავ ჩართულია

ევროკომისიის შტაბ-ბინამ პარასკევს კონდიცირების სისტემა დროებით გამორთო სიცხის ტალღის გამო, ბრიუსელი „იხარშება“, ხოლო ბერლემონის შენობაში კონდიციონერი მუშაობას წყვეტს, - ამის შესახებ გამოცემა POLITICO წერს.

ბერლემონის შენობაში მომუშავე თანამშრომლებმა ტექსტური შეტყობინება მიიღეს, რომელშიც ეწერა: „ამინდის ექსტრემალური პირობების გამო, დღის ბოლომდე ჰაერის გაგრილების სისტემა 1-დან 7-მდე იძულებით გამოირთო“. 13-სართულიან შენობაში კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, მისი 26 კომისარი და დაახლოებით 3,000 თანამშრომელი მუშაობენ. ფონ დერ ლაიენის ოფისი მე-13 სართულზეა, ხოლო ევროკომისრების ოფისების უმეტესობა განთავსებულია მე-8 სართულიდან ზემოთ.

„ეს ფეოდალიზმს ჰგავს,“ - ასე შეაფასა არსებული ვითარება POLITICO-თან ევროკომისიის თანამშრომელმა, რომელიც ბერლემონის დაბალ სართულზე მუშაობს და ვინაობის გამხელა არ ისურვა. მისი თქმით, ზედა სართულებზე მომუშავე კომისრები კონდიციონერს მაინც რთავენ. ამ მოსაზრებას მეორე თანამშრომელიც დაეთანხმა და „სირცხვილი“ უწოდა. მესამე თანამშრომელმა, რომელიც მე-8 სართულზე მუშაობს, POLITICO-ს განუცხადა, რომ მიუხედავად კონდიციონერის მუშაობისა, შიდა ტემპერატურა მაინც 25.7 გრადუსი იყო.

„სიცხის ტალღამ ასევე განაახლა დისკუსია ევროპაში კონდიცირების სისტემების ნაკლებობაზე სახლებსა და ოფისებში. კონტინენტზე ოჯახების მხოლოდ დაახლოებით მეხუთედს აქვს კონდიციონერი. ბელგიაში მატარებლების ერთი მეხუთედი კონდიციონერის გარეშეა, რის გამოც ეროვნულმა სარკინიგზო კომპანიამ პიკის საათის მრავალი მარშრუტი გააუქმა. ამ კვირაში ევროპარლამენტსაც ელექტროენერგიის გათიშვის პრობლემა შეექმნა გაგრილების სისტემის გააქტიურებით გამოწვეული ენერგიის მოხმარების გამო“, - წერს POLITICO.