Loading data...
Politico: ევროკავშირის მიმართ ტრამპის ღია მტრულმა დამოკიდებულებამ დაძაბა ტრანსატლანტიკური ალიანსი

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველმა წელმა დაამსხვრია ევროპელი ლიდერების ყველა ის ილუზია იმის შესახებ, რომ მისი მართვა ან კონტროლი შესაძლებელია.

გამოცემა Politico-ს ცნობით, ევროკავშირის მიმართ მისმა აშკარა მტრულმა დამოკიდებულებამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არსებულ ბლოკში დაძაბულობა გამოიწვია.

ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ ტრამპის დამოკიდებულებამ, ასევე, გაამწვავა განხეთქილება ევროპელ ლიდერებსა და ბლოკის შიგნით, რამაც საფრთხე შეუქმნა მის შესაძლებლობას, უპასუხოს აშშ-ის პრეზიდენტის მუქარებსა და დაცინვას იმ ერთიანობითა და ძალით, რომელსაც ის პატივს სცემს.

„ამან უკრაინის ბედი 2026 წლის წინაშე გაურკვევლობის ზღვარზე დატოვა, რომ არაფერი ვთქვათ ევროპის უსაფრთხოების შესახებ პასუხგაუცემელ ეგზისტენციალურ კითხვებზე იმ მომენტში, როდესაც ბევრი შიშობს, რომ ვლადიმირ პუტინის ტერიტორიული მიზნები უკრაინის ფარგლებს გარეთ, უფრო დასავლეთით ვრცელდება“, - ნათქვამია სტატიაში.

ამავდროულად, როგორც Politico აღნიშნავს, ევროპამ მრავალი თვალსაზრისით გადარჩენა მოახერხა.

„ევროპელებს არ შეუძლიათ ურთიერთობების გაწყვეტა, რადგან ისინი ჯერ კიდევ ზედმეტად დამოკიდებულები არიან აშშ-ზე, განსაკუთრებით უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით“, - განმარტა იანა პუგლირინმა, საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს უფროსმა მკვლევარმა.

ამავდროულად, თეთრი სახლი აცხადებს, რომ ევროპის საკუთარი თავდაცვისთვის მეტი ხარჯვის წახალისებით, შეერთებული შტატები წესრიგის აღდგენისთვის მეგობრის როლს ასრულებს.

„პრეზიდენტ ტრამპს შესანიშნავი ურთიერთობები აქვს ბევრ ევროპელ ლიდერთან, მაგრამ ის არასდროს ერიდება მწარე სიმართლის თქმას. უკონტროლო მიგრაციის დამანგრეველი შედეგები არა მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს, არამედ თავად ევროპელებსაც აწუხებთ, რომლებიც სულ უფრო ხშირად ასახელებენ იმიგრაციას ერთ-ერთ მთავარ პრობლემად. ღია საზღვრების პოლიტიკამ გამოიწვია ძალადობის გავრცელება, დანაშაულის ზრდა და სხვა ნეგატიური მოვლენები“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ანა კელიმ.

გარდა ამისა, ტრამპი თავის პრეზიდენტობის წელს ევროპისთვის იმის შეხსენებით ასრულებს, რომ სურს გრენლანდიაზე კონტროლი ჩამოართვას დანიას, ნატოს ერთგულ მოკავშირეს, რომლის თავდაცვის ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყველა წევრ სახელმწიფოს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.