Politico: ევროკავშირი განიხილავს ხუთ ვარიანტს, თუ რა უნდა გააკეთოს იმ შემთხვევაში, თუ უნგრეთის არჩევნებში ორბანი გაიმარჯვებს
ევროკავშირი სამოქმედო გეგმებს განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. როგორც გამოცემა Politico ევროკავშირის 10 დიპლომატზე დაყრდნობით წერს, ბლოკი ხუთ სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს.
ერთ-ერთი ვარიანტია კვალიფიციური უმრავლესობით ხმის მიცემის პროცესის გაფართოება მგრძნობიარე სფეროებზე, რომლებიც ამჟამად ერთსულოვან მხარდაჭერას საჭიროებს. ესენია ისეთი სფეროები, როგორებიცაა საგარეო პოლიტიკა, ან ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის გარკვეული ელემენტები.
„ეს არის ის, რასაც ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ვცდილობთ, [ორბანთან დაკავშირებით] კონკრეტული შემთხვევის მიუხედავად: თუ გსურთ სწრაფად რეაგირება, საჭიროა მეტი გადაწყვეტილება, რომელიც კვალიფიციური უმრავლესობით იქნება მიღებული“, - განაცხადა გამოცემის ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ.
მეორე ვარიანტი, ოთხი დიპლომატის აზრით, „მრავალსიჩქარიანი ევროპის“ ფორმატზე გადასვლაა. ეს გულისხმობს მოქნილი ფორმატების უფრო ფართო გამოყენებას: მსურველთა არაფორმალური კოალიციებიდან ქვეყნების მცირე ჯგუფებს შორის გაძლიერებულ თანამშრომლობამდე. თუმცა ორმა სხვა დიპლომატმა გააკრიტიკა ეს შეზღუდული ფორმატები და განაცხადა, რომ ეს გამონაკლისი უნდა იყოს და არა ახალი ნორმა.
კიდევ ერთი ვარიანტია უნგრეთის წინააღმდეგ უფრო აგრესიული სანქციები, როგორიცაა ევროკავშირის სახსრების შეკავება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ორბანის მიერ უკრაინისთვის სესხის დაბლოკვა ევროკავშირის ხელშეკრულების 4(3) მუხლის დარღვევას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ „ნამდვილი თანამშრომლობა“.
ევროკომისიის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ შესაძლებელია მე-4(3) მუხლის გამოყენება, თუმცა ეს ფინანსურ სანქციებს გამოიწვევს.
ასევე განიხილება უნგრეთისთვის ევროკავშირის საბჭოში ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევის ვარიანტი. თუმცა ერთი ქვეყნისთვის ხმის მიცემის უფლების შეჩერებას დანარჩენი 27 ქვეყნის მხარდაჭერა სჭირდება და სლოვაკეთი ამას არ დაეთანხმება.
ყველაზე დრამატული და ნაკლებად რეალისტური ვარიანტი უნგრეთის კავშირიდან გარიცხვაა. არც ერთი ქვეყანა არასდროს გარიცხულა ევროკავშირიდან და ეს თემა ტაბუდადებული რჩება.
ერთ-ერთმა დიპლომატმა იურიდიულ ბლოგზე გამოქვეყნებულ კომენტარზე მიუთითა, რომელშიც ევროკავშირიდან გასვლის პუნქტის (50-ე მუხლი, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ბრექსიტის პროცესის დაწყებისას აამოქმედა), ან „უნგრეთის გაძევების“ სხვა სამართლებრივი გზების გადახედვის შესაძლებლობა განიხილებოდა.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ ეს „არარეალისტურია, მაგრამ კარგი არგუმენტია“ და დასძინა, რომ „რამდენიმე წლის წინ ადამიანები ჰიპოთეტურად განიხილავდნენ ამ სცენარს - ახლა ის კვლავ იმპულსს იძენს“.