Politico: ემანუელ მაკრონმა და ფრიდრიხ მერცმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კრემლთან კონტაქტების გამო გააკრიტიკეს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ევროკავშირის ლიდერების სამიტზე გააკრიტიკეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო კოშტას მცდელობები რუსეთთან დიპლომატიური კონტაქტების დამყარების შესახებ. ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა და დიპლომატებმა Politico-ს განუცხადეს.
სამიტის დახურული ნაწილის დროს გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები უარყოფითად გამოეხმაურნენ იმ ფაქტს, რომ კოშტას გუნდმა, ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებებში ჩართვის მცდელობის ფარგლებში, კრემლთან არაფორმალური კონტაქტები დაამყარა. ეს დაპირისპირება ცხადყოფს, რომ ევროკავშირში მზარდი დაძაბულობაა რუსეთთან მოლაპარაკებების მიდგომასთან დაკავშირებით.
რუსეთის მიმართ ყველაზე მწვავედ განწყობილი სახელმწიფოების მეთაურები, ძირითადად, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ასევე, დანია და ნიდერლანდები, მაკრონისა და მერცის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ. სამმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ზოგიერთმა მათგანმა კოშტას მიმართ უპრეცედენტო რისხვა გამოხატა.
საფრანგეთისა და გერმანიის პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ ახლა კრემლთან მოლაპარაკებების დრო არ არის და როდესაც ეს მომენტი დადგება, ამ ორმა ქვეყანა და დიდმა ბრიტანეთმა, ე.წ. E3-მა, მოლაპარაკებებში წამყვანი როლი უნდა შეასრულონ.
„ვფიქრობ, [საფრანგეთის] პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა და თავის ადგილზე დააყენა“, - განაცხადა ფრანგმა ოფიციალურმა პირმა და მიანიშნა, რომ მაკრონმა სამიტის დროს კოშტას თავისი პოზიცია გააცნო.
წყაროების ცნობით, დანარჩენმა ლიდერებმა - „უზარმაზარმა რაოდენობამ“ - საპირისპირო პოზიცია დაიკავეს, განაცხადეს, რომ ევროკავშირმა უნდა აიღოს მომლაპარაკებლის როლი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მხარი დაუჭირეს.
„პირველი კითხვაა, სურს, თუ არა პუტინს მოლაპარაკება. მანამდე კი კოშტას გარდა ვერავინ წარმოადგენს ევროკავშირს. თუ ის [პუტინი] მოლაპარაკების სურვილს გამოავლენს, მაშინ, ვფიქრობ, ხელახლა მოგვიწევს გადავწყვიტოთ, თუ როგორ გავაგრძელოთ“, - განუცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა Politico-ს.
ანონიმური ევროპელი დიპლომატის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი „უკიდურესად არაპროფესიონალურად“ მოიქცა რუსეთთან თავისი კონტაქტების მასშტაბის დამალვით, რაც მხოლოდ 17 ივნისს მედიის საშუალებით გახდა ცნობილი. რამდენიმე ლიდერმა ამ ზარების შესახებ მედიიდან შეიტყო და აღშფოთდა.
წყაროების ცნობით, კოშტას ოფისმა ამ კონტაქტების დაწყებამდე აცნობა გერმანიას, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთსა და ევროკომისიას, თუმცა, სხვა დიპლომატების თქმით, გერმანული მხარე ინფორმირებული არ იყო.