Politico, CNN-ი და MS NOW თეთრ სახლში ჟურნალისტების არდაშვების გამო დონალდ ტრამპს უჩივიან
სამი მედიასაშუალება - CNN-ი, MS NOW და Politico, რომლებსაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში შესვლა აუკრძალა, აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებაზე დაფუძნებულ სარჩელს აღძრავს, რათა თეთრ სახლში მუშაობის უფლება აღიდგინონ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
სასწრაფო განხილვის მოთხოვნა კოლუმბიის ოლქის ფედერალურ სასამართლოს წარედგინება და მოსმენები და ადმინისტრაციის მხრიდან შესაბამისი არგუმენტების წარდგენა, შესაძლოა, უკვე ამ კვირაშივე დაიწყოს.
„ეს აკრძალვა წარმოადგენს პირველი შესწორების წინააღმდეგ მიმართულ უკიდურესად პირდაპირ თავდასხმას და ჩვენი უმთავრესი კონსტიტუციური პრინციპების უხეშ დარღვევას“, - ნათქვამია მედიასაშუალებების სარჩელის ტექსტში, რომელიც სასამართლოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ იმოქმედოს და ჟურნალისტებს თეთრ სახლში მუშაობის შესაძლებლობა აღუდგინოს.
მედიასაშუალებების განცხადებით, აკრედიტაციის გაუქმება არღვევს პრესის თავისუფლებას და საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ მედიას.
„დღეს დილით მთავრობას ვაცნობეთ, რომ შეგვაქვს სარჩელი აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებული ჩვენი უფლებების დასაცავად და იმ პრინციპის დასამკვიდრებლად, რომლის მიხედვითაც მთავრობას არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, თუ რა უნდა გააშუქოს ან გამოაქვეყნოს პრესამ“, - აცხადებენ მედიაორგანიზაციები.
მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „გაფრთხილებისა და ჯეროვანი პროცედურების დაცვის გარეშე, თეთრმა სახლმა ჟურნალისტებს აკრედიტაცია გაუუქმა, რადგან მათ მიერ მომზადებულ მასალებს არ დაეთანხმა“.
„თუ ეს შესაბამისი რეაგირების გარეშე დარჩება, საფრთხე შეექმნება პრესის თავისუფლებასა და საზოგადოების უფლებას, ჰქონდეს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა, რომელიც თავისუფალია მთავრობის ჩარევისგან“, - დასძინეს მათ.