Loading data...
Politico: აშშ-ში მყოფ 100 000-ზე მეტ უკრაინელს დეპორტაცია ემუქრება - რას აპირებს ტრამპი?

„დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 19 ოქტომბრამდე უნდა გადაწყვიტოს, გაუხანგრძლივებს თუ არა დროებითი დაცვის სტატუსს უკრაინიდან შეერთებულ შტატებში ომის გამო გახიზნულ 100 000-ზე მეტ უკრაინელს. სტატუსის გაგრძელების ან გაუქმების ნაცვლად, მესამე სცენარი განიხილება“, - აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია „პოლიტიკოზე“ დაყრდნობით იტყობინება. 

გამოცემა წერს, რომ შეერთებულ შტატებში 100 000-ზე მეტი უკრაინელი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ელოდება.

Politico იუწყება, რომ ხელისუფლებამ, შესაძლოა, უჩვეულო ვარიანტი აირჩიოს და ოფიციალური გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლოს. 

ამ შემთხვევაში მოქმედი სტატუსის ვადა ოფიციალურად იწურება, ამავდროულად კი აშშ-ში მყოფი უკრაინელები გაურკვეველ მდგომარეობაში რჩებიან. 

გამოცემის ცნობით, ორივე პარტიის ზოგიერთი კანონმდებელი უკრაინელებისთვის TPS-ის {დროებითი დაცვის სტატუსი} სრულად გაგრძელებას ითხოვს.

თუმცა, კონგრესი ასევე განიხილავს სათადარიგო სცენარს, რომელიც გულისხმობს დაცვის ვადის გაუქმებას. 

მსგავსი მიდგომა უკვე გამოიყენეს სალვადორის მოქალაქეებთან მიმართებით. სექტემბერში სტატუსის ვადის ამოწურვის შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციამ მათ ქვეყანაში დარჩენის უფლება 6 თვით გაუხანგრძლივა. 

„პოლიტიკოს“ წყარო, მიიჩნევს, რომ ეს ვარიანტი პოლიტიკურად მოსახერხებელია თეთრი სახლისთვის. ეს ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს, შეინარჩუნოს მკაცრი პოზიცია მიგრაციასთან დაკავშირებით და ამავდროულად, თავიდან აიცილოს მკაცრი კრიტიკა უკრაინელების პოტენციური დეპორტაციის შესახებ. 

სენატორი ჯინ შაჰინი ადმინისტრაციას მოუწოდებს უკრაინელებისთვის არ გააუქმოს დროებითი დაცვის სტატუსი, თუმცა ამავდროულად აღნიშნავს, რომ „ამჟამინდელი პოლიტიკის გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს მოხდეს.“

„თეთრმა სახლმა დროებითი დაცვის სტატუსის მომავალთან დაკავშირებული საკითხი აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს გადააბარა, რომელსაც შექმნილ ვითარებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის წარმომადგენელმა ზაკ კალერმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. ინფორმირებული წყაროს ცნობით, უკრაინელებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს ვაშინგტონსა და კიევს შორის არსებული საერთო ურთიერთობაც“, - წერს მედიასაშუალება.