Politico: აშშ-მა უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღე მისცა
გამოცემა Politico-ს ცნობით, აშშ უკრაინას ნატოს მე-5 მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიებს ჰპირდება. თუმცა, ვაშინგტონმა მიანიშნა, რომ შეთანხმება შობამდე უნდა იყოს მიღწეული, წინააღმდეგ შემთხვევაში შემდგომი პირობები, შესაძლოა, ნაკლებად ხელსაყრელი იყოს.
გამოცემის ცნობით, ეს წინადადება ყველაზე ძლიერი უსაფრთხოების გარანტიაა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას შესთავაზა. თუმცა, მას ფაქტობრივი ულტიმატუმი ახლავს: უკრაინა უახლოეს მომავალში პირობებს უნდა დაეთანხმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შემდეგი პირობები, შესაძლოა, ნაკლებად ხელსაყრელი იყოს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ბევრი ევროპელი ლიდერი ერიდებიან შეთანხმების დადებას შეერთებული შტატების მხრიდან უსაფრთხოების მკაფიო გარანტიების გარეშე, რადგან შიშობენ, რომ რუსეთი გარკვეული დროის შემდეგ კვლავ თავს დაესხმება.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები მოელის, რომ რუსეთი დაამტკიცებს ასეთ შეთანხმებას საბოლოო შეთანხმების ნაწილად და ასევე, უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების საშუალებას მისცემს.
„ჩვენ გვჯერა, რომ საბოლოო შეთანხმებაში რუსეთი მიიღებს ყველა ამ პირობას, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს, გახდეს ძლიერი და თავისუფალი ქვეყანა. რუსეთმა ნათლად განაცხადა, რომ ის არ არის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი“, - განაცხადა ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
მისი თქმით, უკრაინის დელეგაცია სასიამოვნოდ „გაკვირვებული“ იყო ტრამპის მზადყოფნით, დათანხმებოდა უსაფრთხოების უფრო მკაცრ გარანტიებს და რატიფიცირებულიყო ისინი კონგრესში, რათა ისინი ძალაში დარჩენილიყო დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგაც.
ამერიკულმა მხარემ, ასევე, შეაქო თავისი ევროპელი კოლეგები, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში წუხდნენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის გუნდი აიძულებდა უკრაინას არახელსაყრელ პირობებზე დათანხმებას.
აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მრავალ კონკრეტულ ტერიტორიულ საკითხს შეეხო. მან დასძინა, რომ ამჟამად მუშავდება წინადადება, რომელიც ჯერ არ არის დასრულებული, რათა რუსეთმა და უკრაინამ გაიზიარონ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურზე კონტროლი, სადაც თითოეულ ქვეყანას ექნება წვდომა ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ენერგიის ნახევარზე.
მას შემდეგ, რაც ზელენსკი წინადადებებზე უპასუხებს, უიტკოფი და კუშნერი ამ საკითხს რუსეთთან განიხილავენ. ოფიციალურმა პირმა აღნიშნა:
„ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ მიღწეული პროგრესით, განსაკუთრებით ტერიტორიების საკითხთან დაკავშირებით“.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შემდეგი შეხვედრა, სავარაუდოდ, ამ შაბათ-კვირას მაიამიში შედგება, სადაც სამხედრო წარმომადგენლები ყურადღებით შეისწავლიან რუკებს დარჩენილი ტერიტორიული საკითხების გადასაჭრელად.