Loading data...
პოდოლიაკი: უკრაინა მზად არის, რომ კონფლიქტის გაყინვა ფრონტის ხაზის გასწვრივ მოხდეს და გარკვეული ტერიტორიები დე ფაქტო დაკარგულად აღიაროს

უკრაინა მზად არის, რომ სამხედრო მოქმედებების გაყინვა ფრონტის ხაზის გასწვრივ მოხდეს და გარკვეული ტერიტორიები დე ფაქტო დაკარგულად აღიაროს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„უკრაინის წინასწარი პოზიცია ასეთია - ჩვენ გვესმის, რომ ამ ომის დასრულების ერთ-ერთი ძირითადი სცენარია ფრონტის ხაზზე კონფლიქტის გაყინვა“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის ის ტერიტორია, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს, დე ფაქტო ასეთად დარჩება და კონფლიქტის გაყინვას კიევი მხოლოდ ამ პირობით დათანხმდება.

„ამის შემდეგ გველოდება დიდი სამუშაო ეკონომიკური, დიპლომატიური და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, რათა ამ ტერიტორიების უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნება მოხდეს. დე იურე ეს კვლავ უკრაინის ტერიტორია იქნება“, - განაცხადა პოდოლიაკმა. მისი თქმით, რუსეთის შემადგენლობაში დე იურე ამ ტერიტორიების აღიარებას არავინ აპირებს.

პოდოლიაკი ასევე აუცილებლად მიიჩნევს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას და ქვეყანაში სამხედრო მრეწველობის ამოქმედებას. ასევე, მრჩევლის აზრით, აუცილებელია იმის დადგენა, ჩამოვლენ თუ არა უკრაინაში უცხოური სამხედრო კონტინგენტები.

პოდოლიაკის აზრით, უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელოვანი ასპექტია სამშვიდობო პროცესში აშშ-ის მონაწილეობა, პირველ რიგში ეს უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას ეხება.

„დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ უკრაინაში სამხედრო კონტინგენტებს იმ შემთხვევაში გააგზავნიან, თუ აშშ ჩვენს საჰაერო სივრცეს დაიცავს“, - ამბობს მიხეილ პოდოლიაკი.

ასევე პოდოლიაკს მიაჩნია, რომ უკრაინაში უნდა განთავსდეს რაკეტები, რომელთა ფრენის მანძილი 2000 კმ-ს აღწევს და ეს „უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტია იქნება.“