პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ შესაძლოა, ზოგიერთი ამერიკელი ჯარისკაცი ევროპიდან დასავლეთ ნახევარსფეროში გადაიყვანონ
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ზოგიერთი ამერიკელი ჯარისკაცი ევროპიდან დასავლეთ ნახევარსფეროში გადაიყვანონ.
„ჰილის“ ინფორმაციით, ამის მიზეზად ჰეგსეტმა დასავლეთ ნახევარსფეროში ნარკოკარტელების წინააღმდეგ სამხედრო კამპანიების ჩატარება, ასევე შეერთებულ შტატებში ჯარისკაცების ახალ ბაზაზე გადაყვანა დაასახელა.
პენტაგონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აშშ აფართოებს თავის სამხედრო საქმიანობას ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ეკვადორთან, ჰონდურასთან, გვატემალასთან და პანამასთან ერთად.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაფართოებთ ჩვენს ყოფნას და საქმიანობას ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ჩვენს პარტნიორებთან ერთად, განსაკუთრებით ვენესუელაში პრეზიდენტის მიერ გადადგმული გადამწყვეტი ნაბიჯის წყალობით. ამ პარტნიორობის მეშვეობით, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური და სამხედრო შესაძლებლობების სრულიად ახალი ნაკრები“,- განაცხადა ჰეგსეტმა.
მისივე თქმით, აშშ-ის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ძალიან ნათლად აჩვენებს, რომ შტატებს ევროპაში მოკავშირეებს შორის ტვირთის უფრო მეტად განაწილება სურს.
„და როდესაც ამას გავაკეთებთ ამ ძალებისა და აქტივების ნაწილი სხვაგან გადავა – ან უკან, იმ დიდ, კარგ ბაზაზე, რომლის აშენებასაც ვაპირებთ და რომლის შესახებაც გამოვაცხადეთ, ან ისინი შეიცვლიან ადგილმდებარეობას დასავლეთ ნახევარსფეროში, რადგან ჩვენ ამ ტერორისტულ ორგანიზაციებს დავუპირისპირდებით“, – განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.