Loading data...
პიტ ჰეგსეთი: არავითარი იდენტობები, არანაირი კაცები კაბებში, გენდერული ბოდვები, ეს სისულელეები დავასრულეთ

სულელმა და უგუნურმა პოლიტიკურმა ლიდერებმა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში არასწორი გეზი დასახეს და ეს დასრულდა, – ამის შესახებ აშშ-ის ომის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პიტ ჰეგსეთმა აშშ-ის სამხედრო ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ჰეგსეთმა აღნიშნა, პენტაგონში დიდი ხნის განმავლობაში უნიფორმიან ლიდერებს არასწორი მიზეზებით უწყობდნენ ხელს – რასობრივი ნიშნით, გენდერული კვოტირებით.

აშშ-ის ომის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, ეს დრო დასრულდა.

„სულელმა და უგუნურმა პოლიტიკურმა ლიდერებმა არასწორი გეზი დასახეს. სწორედ ამიტომ დავკარგეთ გზა. შედეგად თავდაცვის დეპარტამენტი გადაიქცა „ვოუქ“ დეპარტამენტად. მაგრამ, ეს აღარ გაგრძელდება. მე ვუყურებ ამერიკელ სამხედრო ლიდერებს, რომლებმაც საკუთარი არჩევანი გააკეთეს მაშინ, როდესაც ახალგაზრდა კაცები და ქალები იყვნენ. მათ აირჩიეს იმის კეთება, რასაც ამერიკელების უმეტესობა არ გააკეთებდა, რომ ემსახურონ რაღაც უფრო დიდს, ვიდრე საკუთარი თავია, რომ იბრძოლო ღმერთისა და ქვეყნისთვის, თავისუფლების და კონსტიტუციისთვის. ამის გამო მადლობას გეუბნებით. თქვენ ხართ ამერიკელების საუკეთესო ნაწილი“, - განაცხადა ჰეგსეთმა.

ამასთან ერთად, ჰეგსეთმა აღნიშნა, რომ აუცილებელია შეიარაღებული ძალების გაძლიერება და არსებული პრობლემების გადაჭრა.

„ტრამპის ადმინისტრაციამ ბევრი რამ გააკეთა. მათ გადაყარეს სოციალურად სამართლიანი, პოლიტკორექტული და იდეოლოგიურად ტოქსიკური ნაგავი, რომლითაც იყო ინფიცირებული ჩვენი დეპარტამენტი, რათა ამოძირკვონ ამ დეპარტამენტიდან პოლიტიკა. არავითარი იდენტობები, არანაირი ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების ოფისები. არანაირი კაცები კაბებში, არანაირი კლიმატის ცვლილებების თაყვანისცემა. აღარ იქნება დაყოფა და დესტრუქცია ან გენდერული ბოდვები. ეს სისულელეები დავასრულეთ“, - განაცხადა აშშ-ის ომის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

პიტ ჰეგსეთის თქმით, თეთრ სახლში დაბრუნდა საღი აზრი და ცვლილებები აუცილებელია.

„ამ ცვლილებების ლაკმუსის ტესტი მარტივია – მომინდებოდა თუ არა, ჩემი 15 წლის შვილი იმ დანაყოფებს შეერთებოდა, რომელსაც ახლა ვაშენებთ. თუ ამ კითხვაზე რაიმე მიზეზით პასუხია არა ან თუნდაც – „კი, მაგრამ“, მაშინ ჩვენ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ“, - დასძინა აშშ-ის ომის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.