Loading data...
პისტორიუსი აცხადებს, რომ გერმანია რუსეთთან პოტენციური ომისთვის დრონების მარაგს არ შექმნის, რადგან ამ სფეროში პროგრესი ძალიან სწრაფია

გერმანია რუსეთთან პოტენციური ომისთვის დრონების მარაგს არ შექმნის, რადგან ამ სფეროში პროგრესი ძალიან სწრაფია. თუმცა, თუ ომი დაიწყება, ბერლინმა შეიძლება დრონების სწრაფი წარმოება დაიწყოს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

მისი თქმით, ტექნოლოგია რამდენიმე თვეში იცვლება, ამიტომ დრონების მარაგის შექმნა უაზრო გამოსავალია.

„დრონების შემუშავებაში ინოვაციური ციკლების სულ უფრო და უფრო შემცირებას ვხედავთ. ტექნოლოგიები ორ-სამ თვეში მკვეთრად იცვლება, მათ შორის დრონებისგან დაცვის სფეროში. ამიტომ აზრი არ აქვს დღეს მილიარდობით ევროს ღირებულების დრონების დაგროვებას, რომლებიც ზეგ მოძველდება“, - განაცხადა პისტორიუსმა.

როგორც პისტორიუსმა აღნიშნა, ამის მაგივრად ბერლინი ახალი იარაღის შემუშავებასა და შესაძლო ომისთვის თავდაცვის ინდუსტრიის მომზადებაზეა კონცენტრირებული.

„კომპანიებთან ერთად, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ომის შემთხვევაში, [იარაღის] ეს უახლესი ვერსიები სწრაფად და დიდი რაოდენობით იყოს წარმოებული“, - განმარტა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

პისტორიუსი მიიჩნევს, რომ ჯავშანტექნიკა დრონებთან ერთად გადამწყვეტ როლს კვლავაც შეასრულებს. ეს ნიშნავს, რომ მომავალი ომი კომბინირებული შეიარაღების ომი იქნება.

„რუსეთი უფრო მეტ „შაჰედს“ და მსგავს უპილოტო საფრენ აპარატს აწარმოებს, ვიდრე იყენებს. უკრაინაში ომი თანამედროვე ომში დრონების უზარმაზარ მნიშვნელობას აჩვენებს. თუმცა მძიმე ტექნიკაც გააგრძელებს გადამწყვეტი როლის შესრულებას. სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ მომავალში ომი კომბინირებული შეიარაღების გამოყენებით წარიმართება: ჰაუბიცების, ტანკებისა და თვითმფრინავების, ასევე კიბერსივრცის და, რა თქმა უნდა, უპილოტო სისტემების გამოყენებით“, - დაასკვნა მან.