პისტორიუსი აცხადებს, რომ ბუნდესვერს და ნატოს სხვა ევროპულ არმიებს შეუძლიათ, გააძლიერონ თავიანთი ყოფნა არქტიკაში, რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მუქარის ფონზე, რასაც აშშ გრენლანდიის ანექსიის გასამართლებლად იყენებს
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი გრენლანდიის მიმართ აშშ-ის ტერიტორიული პრეტენზიებისა და რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მუქარის ფონზე, არქტიკაში ბუნდესვერისა და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების ყოფნის გაძლიერების ინიციატივით გამოვიდა.
როგორც პისტორიუსმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან კაია კალასთან შეხვედრისას განაცხადა, არქტიკას გაძლიერებული დაცვა სჭირდება, ნაწილობრივ რეგიონში რუსეთის მზარდი სამხედრო ყოფნის გამო. მინისტრმა ხაზი გაუსვა გრენლანდიას, ისლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის საზღვაო გზების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. მან დასძინა, რომ კონფლიქტის შემთხვევაში, რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ისინი „ამერიკის ევროპისგან იზოლირებისთვის და პირიქით“.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არქტიკის უსაფრთხოება არა მხოლოდ შეერთებული შტატების, არამედ მთლიანად ნატოს ინტერესებში შედის. მან მხარი დაუჭირა არქტიკული წყლების მონიტორინგის მიზნით ალიანსის ერთობლივი მისიის შექმნას.
„საქმე ეხება მეთვალყურეობას, პატრულირებას, იმის დანახვას, თუ რა ხდება წყალქვეშ, წყალზე და ჰაერში. როგორც ვთქვი, საქმე ეხება დაზვერვას და რეგულარულ წვრთნებს ადგილზე იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ იქ ვართ“, - აღნიშნა პისტორიუსმა.