Loading data...
პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება ბრიგადების დაკომპლექტება - ზელენსკი მობილიზაციის ასაკის შემცირებაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ნატოს და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების წინადადებებს მობილიზაციის ასაკის 18 წლამდე შემცირების თაობაზე. ამის შესახებ მან გერმანიის თავდაცვის მინისტრთან ბორის პისტორიუსთან შეხვედრისას ისაუბრა, იუწყება უკრაინული მედია

„არაერთხელ მოვისმინეთ სიგნალები ჩვენი სამხედროების ასაკთან, მობილიზაციის ასაკთან და ა.შ. დაკავშირებით. კონკრეტულ ციფრს არ დავასახელებ, რადგან სახიფათოა: ბრძოლის ველზე ასზე მეტი ბრიგადა გვყავს და თითოეულ ამ ბრიგადას ყოველდღიურად სჭირდება დაკომპლექტება“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

მისი თქმით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საჭირო აღჭურვილობის ნაკლებობა რჩება.

„ტექნიკა - ჯავშანტექნიკა, არტილერია, ყველაფერი, რაც საჭიროა ყველა ბრიგადაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დიდი რაოდენობის ბრიგადებს აქვთ აღჭურვილობა, რომელიც მუდმივად მწყობრიდან გამოდის, ან შეკეთებას საჭიროებს. 

„ყოველთვის არის რაღაც არასაკმარისი დაკომპლექტება. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ხალხის რაოდენობის გაზრდაზე, კიდევ უფრო გაზრდაზე, უნდა გვესმოდეს, რომ დღეს არ გვაქვს შესაბამისი დაკომპლექტება. ჩვენ უნდა აღვჭურვოთ ჩვენი ბრიგადები შესაბამისი ტექნიკით. ჩვენს პარტნიორებს ყველა ეს მოთხოვნა აქვთ. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ადამიანი დაცული უნდა იყოს. ადამიანი არა მხოლოდ დაცული უნდა იყოს, არამედ უნდა ჰქონდეს შესაბამისი იარაღი და ცოდნა. მეჩვენება, რომ ეს არის ის, რაც, პირველ რიგში, ჩვენმა პარტნიორებმა უკრაინის არმიას უნდა მიაწოდონ“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.