ფრიდრიხ მერცის მტკიცებით, არ სურს, რომ გერმანია საკუთარი ბირთვული იარაღის ქონის საკითხს განიხილავდეს
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა კატეგორიულად უარყო იდეა იმის შესახებ, რომ ქვეყანამ საკუთარი ბირთვული არსენალი შექმნას. პოდკასტში Machtwechsel საუბრისას მან აღნიშნა, რომ ამ საკითხის განხილვაც კი მიუღებელია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
„არ მსურს, გერმანია საკუთარი ბირთვული იარაღის ქონის საკითხს საერთოდ განიხილავდეს“, - განაცხადა კანცლერმა.
თავისი პოზიციის დასასაბუთებლად მერცმა ორ მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტზე მიუთითა: 1970 წლის ხელშეკრულება ბირთვული იარაღის გავრცელების აღკვეთის შესახებ და 1990 წლის „2+4 ხელშეკრულება“, რომელიც გერმანიის გაერთიანებას ეხებოდა.
მერცმა შეახსენა მსმენელს, რომ გერმანიის დასავლეთ ნაწილში ამჟამადაც დგას გერმანული გამანადგურებლები Tornado, რომლებსაც აშშ-ის ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ.
მისი თქმით, თეორიულად, მსგავსი თანამშრომლობა შესაძლოა გავრცელდეს ბრიტანულ და ფრანგულ ბირთვულ შეიარაღებაზეც.