Loading data...
ფრიდრიხ მერცი: თუ ტრამპი პუტინს G20-ის სამიტზე მიიწვევს, მოლაპარაკებების მაგიდასთან ზელენსკიც უნდა იყოს

„თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის მმართველ ვლადიმერ პუტინს მაიამიში G20-ის სამიტზე მიიწვევს, შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც აუცილებლად უნდა დაესწროს“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ბერლინში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მერცის თქმით, დაუშვებელია უკრაინის ბედის გადაწყვეტა თავად უკრაინის მონაწილეობის გარეშე.

„თუ პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს რუსეთის პრეზიდენტის მიწვევას, მაშინ საუბარი შეეხება უკრაინას. ხოლო თუ საუბარი შეეხება უკრაინას, მაშინ პრეზიდენტი ზელენსკი აუცილებლად უნდა იჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - აღნიშნა მერცმა.

გერმანიის მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროპას სურს და ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რადგან მის გარეშე საკვანძო საკითხების გადაწყვეტა შეუძლებელია.