ფრიდრიხ მერცი: შობამდე ზავი რუსულ მხარეზეა დამოკიდებული
სამშვიდობო ინიციატივების შემდგომი განვითარება მთლიანად რუსეთის პოზიციაზეა დამოკიდებული. ევროპამ, აშშ-მა და უკრაინამ ერთობლივად მოამზადეს არაერთი წინადადება, რომლებიც გადაეცემა რუსულ მხარეს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა“, - აღნიშნა მერცმა, როდესაც უპასუხა კითხვას, თუ რა პერსპექტივები აქვს შეთანხმებებს უახლოეს მომავალში.
მან აღნიშნა, რომ ამჟამად უცნობია, შესაძლებელი იქნება თუ არა შობამდე საომარი მოქმედებების დროებით შეწყვეტის მიღწევა, თუ რუსეთი დროის მოგებას შეეცდება.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გავაგრძელოთ რუსეთის მთავრობისადმი მოწოდება, შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები, სულ მცირე, შობისთვის“, - განაცხადა კანცლერმა.
მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ძირითადად, მშვიდობიან მოსახლეობას ეხებოდა.
მისი თქმით, საბავშვო ბაღებსა და სკოლებზე თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორია.
კანცლერი იმედოვნებს, რომ რუსეთის ხელისუფლება შობის პერიოდში, სულ მცირე, რამდენიმე დღით მაინც შეეცდება დაბომბვის შეჩერებას.
„შესაძლოა, ეს იყოს კონსტრუქციული მოლაპარაკებების დასაწყისი, რაც უკრაინაში ხანგრძლივ მშვიდობამდე მიგვიყვანს“, - დასძინა მერცმა.