Loading data...
ფრიდრიხ მერცი ევროკავშირს „ბიუროკრატიულ მონსტრად“ მოიხსენიებს და მიიჩნევს, რომ ევროპისა და აშშ-ის ურთიერთობაში „ღრმა განხეთქილება“ გაჩნდა

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროკავშირი „ბიუროკრატიულ მონსტრად“ გადაიქცა.

აღნიშნული განცხადება მერცმა ბერლინში, ეკონომიკურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

გერმანიის მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ევროკავშირში აუცილებელია რეფორმების გატარება და აღნიშნა, რომ ევროკავშირი გადაიქცა „ბიუროკრატიულ მონსტრად, რომელიც თავისუფლების გაფართოების ნაცვლად, მათ სულ უფრო მეტად ზღუდავს“.

მერცის თქმით, ევროკავშირში დღეს მოქმედი რეგულირების ხარისხი აფერხებს განვითარებას და ამცირებს ევროკავშირის ეკონომიკის მოქნილობას.

ფრიდრიხ მერცმა სიტყვით გამოსვლისას ახსენა სპეციალური სამიტი, რომელიც კონკურენტუნარიანობის განმტკიცების საკითხებს ეხება. აღნიშნული სამიტი, მერცის ინიციატივით, 12 თებერვალს უნდა გაიმართოს.

გერმანიის მთავრობის მეთაურმა ევროკავშირს „უნიკალური წარმატების ისტორია“ უწოდა, რომელსაც ახლა, მერცის თქმით, „ზედმეტი ბიუროკრატიის“ გამო საფრთხე ემუქრება. როგორც მერცმა აღნიშნა, ევროკავშირის მომავლისთვის ბრძოლა, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, მისთვის ცენტრალურ მიზანს წარმოადგენს.

ფრიდრიხ მერცი მიიჩნევს, რომ აუცილებელია მოდერნიზაცია ეროვნულ დონეზეც, რათა გერმანიის ეკონომიკა გაძლიერდეს. ამასთან, მერცის განცხადებით, ევროპისა და აშშ-ის ურთიერთობაში გაჩნდა „ღრმა განხეთქილება“, რომელიც „კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თითქმის ყველაფერს, რაც ათწლეულების განმავლობაში სწორად და საჭიროდ მიიჩნეოდა“.

მერცმა ჩინეთის მხრიდან მომდინარე საფრთხესთან დაკავშირებით და მსოფლიოს წესრიგის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც, მისივე თქმით, ერთიან ევროპულ პასუხს მოითხოვს.