ფრიდრიხ მერცი: ჩვენ დიდი ძალების პოლიტიკის ეპოქაში შევედით - ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში საერთაშორისო წესრიგი ყოველთვის არასრულყოფილი იყო, დღეს მისი საძირკველი შეირყა
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩვენ „დიდი ძალების“ სამყაროში შევდივართ, რაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
ფრიდრიხ მერცმა საუბარი იმით დაიწყო, რომ დავოსში არსებული სიწყნარე და სიმშვიდე მკვეთრად ეწინააღმდეგება სამყაროს, სადაც ძველი წესრიგი „გასაოცარი სისწრაფით იშლება“.
მერცის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული დამპყრობლური ომი ყველაზე დრამატული მაგალითია, თუმცა ცვლილებები გაცილებით ღრმაა. მან აღნიშნა, რომ ჩინეთმა დიდი სახელმწიფოების რიგებში მოხვედრა მოახერხა და აშშ-ის „გლობალური ლიდერის პოზიცია“ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
„ჩვენ დიდი ძალების პოლიტიკის ეპოქაში შევედით. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში საერთაშორისო წესრიგი, რომელიც საერთაშორისო სამართალზე იყო დაფუძნებული, ყოველთვის არასრულყოფილი იყო. დღეს მისი საძირკველი შეირყა“, - განაცხადა კანცლერმა.
მისი თქმით, სამყარო, სადაც მხოლოდ ძალაუფლებას აქვს მნიშვნელობა, სახიფათო ადგილია - პირველ რიგში პატარა სახელმწიფოებისთვის, შემდეგ საშუალო სახელმწიფოებისთვის და ბოლოს დიდი სახელმწიფოებისთვის.
ნაცისტური გერმანიის აღზევების გახსენებისას მერცმა მკაცრად გააფრთხილა დავოსის დელეგატები: „ამას მსუბუქად არ ვამბობ. მე-20 საუკუნეში ჩემმა ქვეყანამ, გერმანიამ, ეს გზა მწარე დასასრულამდე გაიარა. მან მსოფლიო შავ უფსკრულში ჩაითრია“.