Loading data...
ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ უკრაინა შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს მიიღებს

„უკრაინა შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს მიიღებს“,  - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ბერლინში, შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

„რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ინტენსიურად ვთანამშრომლობდით უკრაინის მთავრობასთან შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების, როგორც ჩვენ მათ ტექნიკურად ვუწოდებთ, პროექტების განსახორციელებლად. უკრაინის არმია იარაღის ასეთი სისტემებით აღიჭურვება“, - აღნიშნა მერცმა.

როგორც უკრაინული მედია წერს, კანცლერს რაკეტების რაოდენობის ან მათი მიწოდების ვადების შესახებ დეტალები არ დაუკონკრეტებია. 

„შევთანხმდით, რომ დეტალებს საჯაროდ აღარ განვიხილავთ, რადგან მიგვაჩნია, რომ გარკვეული ბუნდოვანება აუცილებელია, განსაკუთრებით რუსული მხარისთვის, ამ სფეროში ჩვენი სამხედრო მხარდაჭერის მასშტაბებთან დაკავშირებით“, - დასძინა მერცმა.