Loading data...
ფრანგი ულტრამემარჯვენე აქტივისტის სიკვდილამდე ცემის ფაქტზე საფრანგეთი აშშ-ის ელჩს ახსნა-განმარტების მიზნით იბარებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ფრანგი ულტრამემარჯვენე აქტივისტის მკვლელობასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარების გამო, საფრანგეთი აშშ-ის ელჩს ჩარლზ კუშნერს უწყებაში დაიბარებს.

კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადასტურებული ინფორმაცია, რომ კვენტინ დერანკი ულტრამემარცხენეებმა მოკლეს, ყველას უნდა გვაღელვებდეს. ულტრამემარცხენეთა რიცხვი იზრდება და კვენტინ დერანკის სიკვდილში მათი როლი აჩვენებს, რა საფრთხეს უქმნის ის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. ჩვენ გავაგრძელებთ ვითარების მონიტორინგს და ველოდებით, რომ ძალადობის ჩამდენი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან“.

ჟან-ნოელ ბაროს თქმით, კუშნერთან საუბრისას აშშ-ის მიერ ყოფილი ევროკომისრის ტიერი ბრეტონისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ფრანგი მოსამართლის ნიკოლა გილუს წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საკითხსაც წამოჭრის.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ზომები ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების ავტონომიასა და საერთაშორისო მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობაზე თავდასხმაა.

ამასთან, ფრანგული გაზეთის, Tribune-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა და ბრეტონისა და გილუს წინააღმდეგ სანქციების მოხსნა სთხოვა.

ცნობისთვის, 23 წლის სტუდენტი კვენტინ დერანკი ლიონში ნიღბიანი ახალგაზრდების დაჯგუფებამ სასტიკად სცემა. კვენტინ დერანკი ცემიდან ორი დღის შემდეგ, 14 თებერვალს გარდაიცვალა. შემთხვევა ლიონის პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტში (IEP) მოხდა, სადაც დერანი ულტრამემარჯვენე ფემინისტური ჯგუფის დაცვაში მონაწილეობდა. 23 წლის სტუდენტისა და ულტრამემარჯვენე აქტივისტის, კვენტინ დერანკის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია 11 ადამიანი. როგორც ფრანგული მედია წერს, დაკავებულებიდან შვიდი პირი უშუალოდ მონაწილეობდა სტუდენტის ცემაში. საფრანგეთის პარლამენტის წევრის თანაშემწე იმ პირებს შორისაა, რომლებსაც ულტრამემარჯვენე აქტივისტის მკვლელობის გამო ბრალი წაუყენეს.