ფონ დერ ლაიენმა მგზავრს თვითმფრინავში პირველადი დახმარება გაუწია - Bild
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პირველადი დახმარება გაუწია Swiss Air-ის თვითმფრინავის მგზავრს, რომელიც ციურიხიდან ბრიუსელში მიფრინავდა. ამის შესახებ Bild-ი წერს.
როგორც გამოცემა წერს, 20 ნოემბერს ფრენის დროს ერთ-ერთ მგზავრს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, რის შემდეგაც ეკიპაჟმა იკითხა, შეეძლო თუ არა ვინმეს დახმარება.
ამ მოთხოვნას ერთ-ერთი მგზავრი გამოეხმაურა. მან ცუდად მყოფს პირველადი დახმარება გაუწია, ვიდრე თვითმფრინავი ბრიუსელში უსაფრთხოდ დაეშვებოდა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მგზავრი, რომელიც დახმარების თხოვნას გამოეხმაურა, ევროკომისიის მოქმედი პრეზიდენტი აღმოჩნდა. ეს ინფორმაცია გამოცემას ევროკავშირის წარმომადგენელმა დაუდასტურა.
„რიო-დე-ჟანეიროდან ბრიუსელში ვბრუნდებოდით, როდესაც მგზავრს ფრენის დროს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. როგორც ჩვეულებრივ ხდება ასეთ შემთხვევებში, ეკიპაჟმა იკითხა, ჰქონდა თუ არა რომელიმე მგზავრს სამედიცინო ცოდნა“, - თქვა მან.
Bild-ი იხსენებს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს სამედიცინო განათლება აქვს. ის სწავლობდა მედიცინას ჰანოვერის სამედიცინო სკოლაში (MHH), სადაც დოქტორის ხარისხი მიიღო.