Loading data...
ფონ დერ ლაიენის მიმართ უნდობლობის ორი ვოტუმი ჩაიშალა

ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ უნდობლობის ორი ვოტუმი ჩაიშალა. ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება. 

ფონ დერ ლაიენისადმი უნდობლობის გამოცხადებისთვის საჭირო ხმების ორი მესამედის უმრავლესობა სტრასბურგში ვერც მემარცხენე ფრაქციის ინიციატივით კენჭისყრისას და ვერც ულტრამემარჯვენე დეპუტატების შუამდგომლობით ჩატარებულ კენჭისყრაზე იქნა მიღწეული.

AFP-ის ცნობით, მემარცხენე პარლამენტარების შუამდგომლობას მხარი 133-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა. ულტრამემარჯვენე ფრაქციის „პატრიოტები ევროპისთვის“ შუამდგომლობას, რომელშიც საფრანგეთის მემარჯვენე პოპულისტური პარტია „ეროვნული გაერთიანების“ და უნგრეთის მმართველი პარტია „ფიდესის“ წარმომადგენლები შედიან, 179-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი.

ევროკომისიის ხელმძღვანელისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად საჭირო იყო ხმათა ორი მესამედის უმრავლესობა, ანუ მინიმუმ 361 ხმა, ხოლო ევროპარლამენტის ყველა წევრის სხდომაზე დასწრებისა და ხმის მიცემის შემთხვევაში - 480 ხმა.

„პატრიოტები ევროპისათვის“ მიერ წარდგენილ შუამდგომლობაში სხვა საკითხებთან ერთად, კრიტიკა იყო გამოთქმული კლიმატის დაცვისა და იმიგრაციის პოლიტიკაზე. მემარჯვენე ფრთის პარლამენტარებმა ასევე დაადანაშაულეს ფონ დერ ლაიენი გამჭვირვალობის ნაკლებობასა და ცენზურაში.

თავის მხრივ, მემარცხენე ფრაქციამ ევროკომისიის ხელმძღვანელი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან „კატასტროფული საბაჟო შეთანხმების“ გამო გააკრიტიკა.

ამგვარად, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბოლო სამი თვის განმავლობაში უნდობლობის სამი ვოტუმის შემდეგ თავისი პოზიციის შენარჩუნება მოახერხა. კენჭისყრის შემდეგ თავად პოლიტიკოსმა მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტს „მტკიცე მხარდაჭერისთვის“ და პირობა დადო, რომ ევროკომისია ევროპარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს.