ფონ დერ ლაიენი - ჩინეთის ურყევი მხარდაჭერა რუსეთის მიმართ ევროპისთვის არასტაბილურობისა და საფრთხის მაღალ დონეს ქმნის

„ჩინეთის ჩართულობის ხარისხი რუსეთის სამხედრო ეკონომიკის განვითარებაში, რაც ხელს უწყობს კრემლის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, გადამწყვეტი იქნება ევროკავშირის ჩინეთის მიმართ სამომავლო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში ჩინეთთან ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ დებატების დაწყებამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჩინეთის ურყევი მხარდაჭერა რუსეთის მიმართ ევროპისთვის არასტაბილურობისა და საფრთხის მაღალ დონეს ქმნის. შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთი ფაქტობრივად ხელს უწყობს რუსეთის საომარი ეკონომიკის განვითარებას და ჩვენ ამას ვერ შევეგუებით. მე ყოველთვის ვამბობდი: ის, თუ როგორ გააგრძელებს ჩინეთი პუტინის ომში მონაწილეობას, გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ევროკავშირსა და ჩინეთს შორის მომავალი ურთიერთობებისთვის “, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მან დასძინა, რომ ჩინეთმა „ერთმნიშვნელოვნად უნდა დაგმოს რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების უხეში დარღვევა და შესაბამისად იმოქმედოს“, თუ ის აცხადებს, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვას უჭერს მხარს.