ფონ დერ ლაიენი: ახლა რუსეთმა უნდა აჩვენოს, რომ უკრაინაში მშვიდობა სურს
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთზეა დამოკიდებული, აჩვენოს, რომ დაინტერესებულია მშვიდობით, მას შემდეგ, რაც კიევი და მისი მოკავშირეები შეთანხმდნენ სამშვიდობო გეგმასა და უსაფრთხოების გარანტიებზე, რომლებიც ძალაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ შევა.
ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ სამშვიდობო გეგმა 20-პუნქტიანი წინადადებაა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასული წლის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან განიხილა.
მან დასძინა, რომ გეგმასთან ერთად, კიევისთვის არსებობს არსებითი, ძლიერი და კარგად განსაზღვრული უსაფრთხოების გარანტიები შეერთებული შტატებისა და ევროპისგან.
„ახლა რუსეთმა უნდა აჩვენოს, რომ ისინი მშვიდობით დაინტერესებულნი არიან“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უსაფრთხოების გარანტიები, პირველ რიგში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე იქნება დამოკიდებული, რომლებიც, მისი თქმით, კარგად გაწვრთნილები და საბრძოლო გამოცდილების მქონენი არიან. ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროპელების ამოცანა იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინული არმიაც კარგად იყოს აღჭურვილი.
თავდაცვის მეორე ხაზი იქნება ე.წ. „მსურველთა კოალიცია“ - 35 სახელმწიფო, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა, ასევე კანადა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია და თურქეთი.
„ძალიან კარგია, რომ აქ ამერიკელები ჩართულები არიან, კერძოდ, გადამოწმებასა და მონიტორინგში, ასევე სარეზერვო მექანიზმით“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ევროკავშირი მუშაობს გეგმებზე, რათა უზრუნველყოს უკრაინის ეკონომიკური კეთილდღეობა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, იდეები კი გაწერილი იქნება მომავალ „კეთილდღეობის დოკუმენტში“. დოკუმენტი განსაზღვრავს მოკლევადიან და მომდევნო ათწლეულის განმავლობაში გასატარებელ ზომებს უკრაინის ეკონომიკის გასაძლიერებლად და მისი აღდგენის მხარდასაჭერად.