Loading data...
ფინეთში ერთი კვირის განმავლობაში მესამე დრონი ჩამოვარდა, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინას ეკუთვნის

ფინეთში ბოლო ერთ კვირაში უკვე მესამე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნის. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

ფინეთის სასაზღვრო სამსახურმა დრონი პუჰაარვის ტბის ყინულზე აღმოაჩინა, რომელიც რუსეთის საზღვრის მახლობლად მდებარეობს.

ფინეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო. ტელეკომპანია Yle-ს ცნობით, დრონი უკრაინიდან მოფრინდა და ის ასაფეთქებელი მოწყობილობით იყო აღჭურვილი.

ეს მესამე უპილოტო საფრენი აპარატია, რომელიც ბოლო ერთ კვირაში ფინეთში ჩამოვარდა. წინა ინციდენტები დრონებთან დაკავშირებით 29 მარტს მოხდა. 30 მარტს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გიორგი ტიხიმ განაცხადა, რომ უკრაინული დრონები ფინეთისკენ დამიზნული არ ყოფილა და რომ მათი მოხვედრა ფინეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის რადიოლექტრონული ბრძოლის სისტემების მუშაობას უკავშირდება. უკრაინის ხელისუფლებამ ფინელ კოლეგებს მომხდართან დაკავშირებით ბოდიში მოუხადა.

ბოლო დღეებში უკრაინამ დრონებით რუსეთის ლენინგრადის ოლქზე მასშტაბური საჰაერო იერიშები განახორციელა. კერძოდ, დარტყმის ობიექტი უსტ-ლუგას პორტი იყო, საიდანაც ნავთობის ტრანსპორტირება ხდება. რუსეთის ეს რეგიონი ფინეთის საზღვრის მახლობლად მდებარეობს.