1777811487
უცხოეთი
ფინეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უცნობმა დრონმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია
უცნობმა დრონმა რუსეთის საზღვართან ახლოს ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.
სამინისტროს ცნობით, უცნობი დრონი შენიშნეს ვიროლახტის მუნიციპალიტეტის თავზე, რომელიც რუსეთის ლენინგრადის ოლქს ესაზღვრება.
დრონის ტიპი, ან წარმომავლობა ჯერ არ არის დადგენილი. აღნიშნულია, რომ დრონი ფინეთის საჰაერო სივრცეში აღარ იმყოფება.
ფინეთის სასაზღვრო დაცვა ინციდენტის გარემოებებს იძიებს.
ფინური მედიის ცნობით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა 3 მაისს, ადგილობრივი დროით გამთენიის 01:57 საათიდან დილის 8:00 საათამდე, კოტკასა და ჰამინას პორტების მიმდებარე საზღვაო წყლებში დროებითი საავიაციო შეზღუდვის ზონის შემოღება გამოაცხადეს. ეს ქალაქები ასევე რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს.