ფინეთის თავდაცვის მინისტრი: რუსეთი ფინეთის საზღვართან ახლოს ბირთვულ და არქტიკულ ძალებს აძლიერებს
„არქტიკის უსაფრთხოება ევროპის სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანესია“, - განუცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა Euronews-ს.
მისივე თქმით, რუსეთი აძლიერებს თავის სტრატეგიულ აქტივებს არქტიკაში და აშენებს ახალ ობიექტებს ფინეთთან საზღვარზე.
ჰაკანენმა აღნიშნა, რომ არქტიკა „კრიტიკულად მნიშვნელოვანია“ ევროპის თავდაცვისთვის.
„რუსეთი კოლის ნახევარკუნძულის {ნახევარკუნძული რუსეთის შორეულ ჩრდილოეთში} რეგიონში ინარჩუნებს თავისი ძირითადი სტრატეგიული შესაძლებლობების უმეტესობას ბირთვული იარაღის, წყალქვეშა ნავების და შორი მოქმედების ბომბდამშენების სახით.
რუსები ჩვენი საზღვრის გასწვრივ ახალ სამხედრო ობიექტებს აშენებენ, ისევე როგორც ცივი ომის დროს აკეთებდნენ. გონივრული იქნებოდა არქტიკის მონიტორინგი და არქტიკული შემაკავებელი შესაძლებლობების გაზრდა“, - განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა.
ინფორმაციისთვის, კოლის ნახევარკუნძული რუსეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე 100 000 კვადრატული კილომეტრის ფართობის რეგიონია. აქ რუსეთის ფედერაციის საზღვაო სტრატეგიული ბირთვული არსენალის უდიდესი ნაწილია განთავსებული, მათ შორის წყალქვეშა ნავები და შორი მოქმედების ბომბდამშენები.