ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ჰამასი“ უნდა განიარაღდეს - საჭიროების შემთხვევაში, ძალითაც

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ელინა ვალტონენის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის იმედი აქვს, თუმცა მისი თქმით, სიტუაცია კვლავ სავალალოა.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ცეცხლის შეწყვეტა დაუყოვნებლივ დამყარდება. მძევლები თითქმის ორი წელია გათავისუფლებას ელოდებიან. თუ ეს ყველაფერი მოლაპარაკებების დროს მოხდება, შესაძლოა, საბოლოოდ შევძლოთ ღაზასთვის საკმარისი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და სიტუაციის სტაბილიზაცია“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ვალტონენმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ღაზასთან დაკავშირებული სამშვიდობო გეგმა „პოზიტიურ ნაბიჯად“ შეაფასა.
„ვიმედოვნებ, რომ ეს რეგიონში უფრო მდგრადი მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა მან.
მისი აზრით, მძევლების გათავისუფლებამ, შესაძლოა, გზა გაუხსნას სამუდამო ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის დამყარებას.
ვალტონენი ხაზს უსვამს, რომ „ჰამასი“ უნდა განიარაღდეს - საჭიროების შემთხვევაში, ძალითაც.
„ახლა საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ განიარაღება ნებისმიერ ფასად უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციას ჰქონდეს ძალაუფლება, მით უმეტეს, პალესტინის მომავალ სახელმწიფოში“, - განაცხადა მინისტრმა.
ვალტონენმა გაიხსენა, რომ ახლო აღმოსავლეთის არაბული ქვეყნები იღებენ პასუხისმგებლობას „ჰამასის“ პალესტინის მმართველობიდან ჩამოშორებასა და მის განიარაღებაზე.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ორი სახელმწიფოს შექმნის გადაწყვეტას. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ პალესტინის სახელმწიფო აღიარებული იქნება. თუმცა, იმისათვის, რომ ეს მოხდეს, პალესტინის ხელისუფლებას უნდა ხელმძღვანელობდეს სამოქალაქო ორგანო, რომელიც ერთგული იქნება არაძალადობის პრინციპებისა და ისრაელის, მისი მეზობლებისა და საკუთარი ხალხის უსაფრთხოების დაცვის“, - განაცხადა ვალტონენმა.