Loading data...
ფინეთის პრეზიდენტმა ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის შენახვის ნებართვა გასცა

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე სტუბმა ხელი მოაწერა ბირთვული ენერგიის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლებიც ქვეყნის გავლით ბირთვული იარაღის იმპორტსა და ტრანზიტს დაუშვებს. ამის შესახებ ინფორმაცია ფინეთის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, წერს RBC-Ukraine.

გამოცემის ცნობით, კანონი ძალაში 1-ელ ივლისს შევა, რითაც ამგვარ ოპერაციებზე აკრძალვები მოიხსნება. 

ამგვარად, ნატოს მოკავშირეების ბირთვული იარაღი შესაძლოა, რუსეთის საზღვრებთან ახლოს აღმოჩნდეს. 

ცნობისთვის, 17 ივნისს ფინეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ეროვნული თავდაცვის საჭიროების შემთხვევაში, ფინეთის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის იმპორტის, ტრანსპორტირების, მიწოდებისა და შენახვის საშუალებას იძლევა.

ქვეყნის მთავრობამ განაცხადა, რომ ცვლილებები მიზნად ისახავს შეკავების გაძლიერებას, უსაფრთხოების არაპროგნოზირებადი სიტუაციის ფონზე.

„ამ წინადადებით ჩვენ ვაძლიერებთ ფინეთის თავდაცვას და უზრუნველვყოფთ, რომ ნატოს ბირთვული შემაკავებელი ძალა სრულად გამოიყენებოდეს ფინეთის დასაცავად“, - განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა.

ოფიციალურმა პირმა დასძინა, რომ ფინეთი ბირთვული იარაღის საკუთარ ტერიტორიაზე განთავსებას არ გეგმავს.