ფინეთის პრეზიდენტის თქმით, ომის დასრულების შესახებ უკრაინასა და რუსეთს შორის „ტექნიკური“ მოლაპარაკებები შესაძლოა, ვატიკანში რამდენიმე დღეში გაგრძელდეს

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ უკრაინელ და რუს ოფიციალურ პირებს შორის „ტექნიკური“ მოლაპარაკებები შესაძლოა, ვატიკანში რამდენიმე დღეში გაგრძელდეს. ამავდროულად, ფინელმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ აშშ მოლაპარაკებების პროცესიდან არ გადის.
„ისინი არ დანებდნენ. ახლა კი მეტი შუამავალია. ადრე ამ როლს მხოლოდ აშშ ასრულებდა, მაგრამ ახლა ევროპაც უერთდება“, - განაცხადა სტუბმა და აღნიშნა, რომ ეს კარგია.
ფინეთის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის უკრაინელ და რუს კოლეგებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის 19 მაისს გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ დისკუსიები „სხვადასხვა დონეზე“ გაგრძელდა.
კერძოდ, კრემლის ლიდერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები „დაუყოვნებლივ“ უნდა დაიწყოს. თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცსა და ფინეთის ლიდერ ალექსანდრ სტუბს.
უკრაინულ და რუსულ მხარეს შორის მოლაპარაკებების გაგრძელების პოტენციურ ადგილად ვატიკანი დასახელდა. 20 მაისს იტალიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ახალი პაპი ლეო XIV მოლაპარაკებების მასპინძლობას დათანხმდა.
შეგახსენებთ, 16 მაისს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის 2022 წლის შემდეგ პირველი პირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ პატიმრების გაცვლაზე „1000/1000-ზე“ ფორმატით და მკაფიოდ განაცხადეს, რომ მოლაპარაკებების გაგრძელების პერსპექტივა არსებობს. კერძოდ, მათ პუტინისა და ზელენსკის პირადი შეხვედრის შესაძლებლობაც განიხილეს.