ფინეთის პრეზიდენტი: ვხედავთ, ღაზაში სამარცხვინო ხელოვნურად შექმნილ შიმშილობას

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე სტუბმა ღაზას სექტორში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და თქვა, რომ სიტუაცია უკიდურესად მძიმეა.
სტუბის თქმით, ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო საგანგაშო ხდება.
„ჩვენ ვხედავთ მიუღებელ და სამარცხვინო ხელოვნურად შექმნილ შიმშილობას. ისრაელის ხელისუფლების ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მოდელი არ მუშაობს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება მშვიდობიან მოსახლეობამდე არ აღწევს და ასობით ადამიანი დაიღუპა საკვების მიღების მცდელობისას“, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ისრაელის ხელისუფლებამ გაეროს და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს საშუალება უნდა მისცეს, შეასრულონ თავიანთი სამუშაო და დაეხმარონ მოქალაქეებს.
ომი ახლავე უნდა დასრულდეს... ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, დაუყოვნებლივ შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებაზე“, - წერს სტუბი პლატფორმა X-ზე.
სტუბმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ფინეთი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტის მომხრეა და განაცხადა, რომ გააგრძელებს კონსულტაციებს სხვა ევროპულ ქვეყნებთან შემდეგი ნაბიჯების შესახებ.