ფინეთის პრეზიდენტი: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები რუსეთთან საბრძოლველად მზადყოფნას მოითხოვს

ფინეთის პრეზიდენტის მტკიცებით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც ე.წ. მსურველთა კოალიცია განიხილავს, ევროპას აიძულებს, ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, თუ მოსკოვი მომავალში კვლავ დაიწყებს სამხედრო მოქმედებებს უკრაინაში, მზად იყოს რუსეთთან საბრძოლველად. ამის შესახებ The Guardian იუწყება.
„უსაფრთხოების გარანტია არსებითად, შემაკავებელი ფაქტორია. ეს შემაკავებელი ფაქტორი დამაჯერებელი უნდა იყოს და იმისათვის, რომ დამაჯერებელი იყოს, ის ძლიერიც უნდა იყოს“, - განუცხადა ალექსანდრ სტუბმა მედიას ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამგზავრებამდე ჰელსინკიში მიცემული ინტერვიუს დროს.
მისი თქმით, უსაფრთხოების გარანტიის შესახებ შედგენილი დოკუმენტი ძალაში მხოლოდ, უკრაინასა და რუსეთს შორის დადებული მომავალი შეთანხმების შემდეგ შევა. სტუბი დაჟინებით ითხოვს, მოსკოვს არ მიეცეს ხელშეკრულებაზე ვეტოს დადების უფლება.
„რუსეთს აბსოლუტურად არანაირი ხმა არ აქვს დამოუკიდებელი, ეროვნული სახელმწიფოს სუვერენულ გადაწყვეტილებებზე... ამიტომ, ჩემთვის ეს არ არის შეშფოთების საკითხი, დათანხმდება თუ არა მოსკოვი პირობებს“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.
ამის პარალელურად, კიევში ბევრს აქვს მთავარი კითხვა, მოჰყვება თუ არა შეთანხმება კონკრეტული ვალდებულებები. ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა უსაფრთხოების გარანტია, რომ ევროპული ქვეყნები მზადყოფნას აცხადებენ, რუსეთის უკრაინაში განმეორებითი შეჭრის შემთხვევაში, ბრძოლა გამოუცხადონ მოსკოვს - სტუბმა უპასუხა, რომ „სწორედ, ეს არის უსაფრთხოების გარანტიების იდეის განმარტება“.